მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო-ებმა 2022 წლის პირველი ნახევარი ₾49.1 მილიონის მოგებით დაასრულეს

62e3ef1f0fefc
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 18:43
991
საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეროვნულ ბანკს საკუთარი საქმიანობის შედეგები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მისო-ების სექტორმა 2022 წლის პირველ ნახევარში 49.1 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. წინა წელთან შედარებით მოგების ეს მაჩვენებელი 8 მილიონი ლარით ნაკლებია.

2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რომელთა ჯამური აქტივებიც 1.7 მილიარდი ლარია. აქტივების ზომა წინა წელთან შედარებით 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოს ეკონომიკაზე 1.48 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. მათი საკრედიტო პორტფელი წინა წელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

მიკროსაფინანსო სექტორისთვის ყველაზე დიდი სეგმენტი სალომბარდე სესხებია, რომელთა პორტფელიც 756 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილს სამომხმარებლო სესხები იკავებს. უფრო დეტალურად, მისო-ების საკრედიტო პორტფელი ასე ნაწილდება:

● სალომბარდე კრედიტები - 756 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 587,632 სესხი, საშუალო მოცულობა 1,286 ლარი;
● ვაჭრობა და მომსახურება - 188 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 32,059 სესხი, საშუალო მოცულობა 5,873 ლარი;
● სამომხმარებლო სესხები - 357 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 75,220 სესხი, საშუალო მოცულობა 4,749 ლარი;
● სოფლის მეურნეობა - 104 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 20,882 სესხი, საშუალო მოცულობა 4,977 ლარი;
● განვადება - 46 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 68,917 სესხი, საშუალო მოცულობა 668 ლარი;
● სხვა - 7 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 505 სესხი, საშუალო მოცულობა 14,539 ლარი;
● იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 29 მლნ ლარი, კრედიტების რაოდენობა 1,196 სესხი, საშუალო მოცულობა 24,244 ლარი;
● მთლიანი სესხები - 1.48 მილიარდი ლარი, კრედიტების რაოდენობა 786,490 სესხი, საშუალო მოცულობა 1,892 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს კომერციული ბანკებიდან მიღებული სესხები წარმოადგენს. ჯამურად მისო-ებს ბანკების მიმართ 380 მილიონი ლარი მართებთ. 342 მილიონი ლარია სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორებიდან მოზიდული სახსრები, ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხები კი 178 მილიონი ლარია. ჯამურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალები 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამჟამად მიკროსაფინანსო სექტორი გარდაქმნის ეტაპზეა, რადგანაც მსხვილი მისო-ები ახალი კანონის თანახმად, მიკრობანკებად გარდაიქმნებიან.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო სექტორი 4,200 ადამიანს ასაქმებს.