01.დეკემბერი .2020 09:45

“მიტანის სერვისი არ გვიღირს, შეკვეთის ღირებულების 25% მიაქვთ” - რესტორნები

“მიტანის სერვისი არ გვიღირს, შეკვეთის ღირებულების 25% მიაქვთ” - რესტორნები
views 324
უკან

სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ბიზნესი აცხადებს, რომ ე.წ. დელივერი სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება და კვების ობიექტებს, ხშირ შემთხვევაში, მათი გამოყენება არ უღირთ. რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც “ვოლტი” და “გლოვოა”, შეკვეთის 25%-30%-ს ითხოვენ, რის გამოც მათი დაქირავება აღარ უღირთ.

“სექტორი არის განწირული განადგურებისთვის, რადგან საკურიერო მომსახურეობა ეს არის ის პროცენტი, რომელიც სინამდვილეში ჩვენი ბიზნესისთვის არის პირდაპირი მოგება ანუ თუ საკურიერო მომსახურებას 25%-30% მიაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოგება, რითიც ვარსებობთ, მათ მიაქვთ, ამიტომ უშუალოდ მე უარი ვთქვი და თვის ბოლოდან ჩვენი საკურიერო მომსახურება შეწყდება. ჩვენ თვითონ გვაქვს 2 მოპედი და თუ საშვებს მოგვცემენ, ასე დავარიგებთ შეკვეთას”,- აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

თუმცა, დამოუკიდებელი მიტანის სერვისის შექმნის ფუფუნება დღეს ყველას არ აქვს. “აისიარ” ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ როცა კომპანიას დიდი სარესტორნო ქსელი არ გააჩნია, მიტანის სერვისის ჩამოყალიბება არამომგებიანია; ყველაფერთან ერთად დღის წესრიგში კიდევ ერთი პრობლემა დგას.

“კიდევ ერთი პრობლემაა: დღეს, როცა კომენდანტის საათი ცხადდება 21:00 საათზე, თანამშრომლის დატოვების უფლება არ გაქვს; ეს ნიშნავს იმას, რომ 19:00 საათზე თანამშრომელი უკვე უნდა გავუშვა, მიტანის სერვისი კი აქტიურდება სწორედ საღამოს 6-დან ღამის 12-მდე. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს ცხელ ხაზს და გვითხრეს, რომ საშვები ამ პერსონალზე არ დაიშვება”, - აცხადებს კახა ხაზარაძე.

ე.წ. დელივერი სერვისის საკომისიო შედარებით დაბალია ტანსაცმლის და სხვა პროდუქციის მიტანის შემთხვევაში, ამიტომ ბიზნესი ამბობს, რომ ეს მიმართულება უფრო ათვისებადია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა