05.აგვისტო .2022 23:31

„მიუღებელია დისკუსიის გარეშე ასეთი მსუყე გადაწყვეტილებების მიღება" - "პსპ დაზღვევა" სასწრაფოს ფასიან სერვისზე

„მიუღებელია დისკუსიის გარეშე ასეთი მსუყე გადაწყვეტილებების მიღება" - "პსპ დაზღვევა" სასწრაფოს ფასიან სერვისზე
views 2379
უკან

„სამინისტროსთან გასულ წელს გვქონდა არგუმენტირებული პოზიცია, რატომ არ არის მიზანშეწონილი საკითხის ამგვარი გადაწყვეტა“ - ამის შესახებ "პსპ დაზღვევის" გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსში“ სასწრაფო დახმარების ფასიანი მომსახურების სერვისზე საუბრისას განაცხადა.

სოფო ლებანიძის თქმით, სადაზღვევო ინდუსტრიას ეგონა, რომ აღნიშნული საკითხი დახურული იყო.

„იდეის დონეზე ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კოვიდ ეპიდემიის დროს, გასულ წელს, სამინისტროსთან იყო რამდენიმე შეხვედრა და ამ საკითხის პოზიციონირება მათი მხრიდან შემდეგნაირი იყო - „ჩვენ ამას ვფიქრობთ და თქვენი აზრი გვაინტერესებს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს მარტივი საკითხი არ არის და ეხება, როგორც ადმინისტრირების, ასევე ფინანსური უზრუნველყოფის საკუთხებს. ჩვენ გვქონდა მკაფიო, ცხადი და არგუმენტირებული პოზიცია, რატომ არ არის მიზანშეწონილი ამ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა. შემდეგ ეს დისკუსია ჩაიკეტა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ გახსნა და შემდეგ ისევ დაიხურა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამუშაო რეჟიმში განხილული პოზიციები გაიზიარა [სამინისტრომ] და ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. მხოლოდ გუშინ სახელმწიფო საჯარო სამართლის იურიდიული პირი გვწერს, რომ ფასიან სერვისებს განსაზღვრული ტარიფიკაციით გვთავაზობს“, - ამბობს იგი.

ლებანიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თუ ძალაში შევა, შესაძლოა, კერძო ბიზნესის მიერ სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების მხოლოდ 10% იქნას მიწოდებული.

„სადაზღვევო ბიზნესში ჯანმრთელობის მიმართულებით დაახლოებით 600 000 ადამიანია დაზღვეული. ეს არის მოქმედი კონტრაქტები, რომლის მიხედვითაც უმეტესი დაზღვეული სახელმწიფო 112-ის მომსახურებით სარგებლობს. იმ შემთხვევაში თუ ამ ყველა დანახარჯის აღება კერძო სადაზღვევო სისტემას მოუწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქმედი ხელშეკრულება უნდა დაიხედოს. უნდა გადაიხედოს ტარიფი. ის, რომ დაზღვევა გაიზრდება, ეს არასწორი ფორმულირება იქნება. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემია დაკორექტირდება რადგან სახელმწიფო ცვლის თავის დამოკიდებულებას გადაუდებელი მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, ჩავთვალოთ, რომ შეიძლება კერძო ბიზნესის მიერ სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების მხოლოდ 10% იყოს მიწოდებული. დანარჩენი 90% არის სახელმწიფო სსიპი და რეგიონებში ყველა სადაზღვევო კომპანია იძულებული გახდება სახელმწიფო სსიპ-იდან მომსახურება შეისყიდოს, რადგან რეგიონებში უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი სასწრაფოა და ეს არის სახელმწიფო 112-ი“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება გეგმებს, სოფო ლებანიძე ამბობს, რომ სადაზღვევო ინდუსტრია ერთ პოზიციაზეა და მზად არიან სამინისტროსთან აღნიშნული საკითხი განიხილონ.

„ჩვენთვის მიუღებელია ტექნიკური და ფინანსური დისკუსიის გარეშე ასეთი მსუყე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვართ ღია, რომ სახელმწიფოსთან ყველა საკითხი გავიაროთ და სახელმწიფოსთან თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად შევთანხმდეთ ამ საკითხთან მიმართებით, რა არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი“, - აცხადებს ლებანიძე.

ინფორმაციისთვის, გუშინ სადაზღვევო ინდუსტრიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 112-დან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც მათი მხრიდან კერძო სექტორისთვის სასწრაფო დახმარების ფასიანი მომსახურების სერვისია შეთავაზებული. საუბარია იმაზე, რომ კერძო დაზღვევის პოლისის მოსარგებლეთათვის განისაზღვროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სპეციალური ტარიფი, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს.

იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორის ნაწილმა ეს გაიგო ისე, რომ შესაძლოა კერძო დაზღვევით მოსარგებლეთათვის სასწრაფოს გამოძახება ფასიანი გახდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს სადაზღვევოებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

სამინისტრო ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესება არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო. მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განმარტებით, ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა