მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის კერძო პირზე გასხვისება - ვარლამ გოლეთიანი

607ac7bf4d75c
BM.GE
17.04.21 15:31
1940
მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია მიცემული თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში.

„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ უშუალოდ თურქულ კომპანიაზე არ არის საუბარი. ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი, დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება.

„ეროვნული ინტერესებისთვის და ზოგადად, სტრატეგიულ ობიექტს როდესაც ეხება საკითხი, არ შეიძლება, მისი მფლობელი ყოველთვის იყოს რომელიმე კერძო პირი, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვინდა, რომ სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში და აუცილებლად უნდა აშენდეს, ააშენოს პირველ რიგში, სახელმწიფომ და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „მიწის პრობლემასთან დაკავშირებით ხომ არ არის შესაძლებელი, რომ თქვენ გარკვეულ დათმობაზე წახვიდეთ, თუ ხელისუფლებაც წამოვა დათმობაზე, იმავე იჯარის პერიოდის შემცირებაზე, რაიმე ასეთი ტიპის დათმობას თუ განიხილავთ“, გოლეთიანმა განაცხადა:

„თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში, პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტროსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
NS