მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად მძიმე რეგულაციებისა, საქართველოს ეკონომიკამ მოქნილობა შეიძინა - ოთარ შარიქაძე

5e88dd77f2541
ანნა ლაპიაშვილი
05.04.20 14:30
2286
Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორის შეფასებით, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ კრიზისს საქართველოს საფინანსო სექტორი მომზადებული შეხვდა. ოთარ შარიქაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ამის მიზეზი, მათ შორის, ის რეგულაციები იყო, რომელიც ბოლო წლებში ამოქმედდა.

„ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელი, რეგულაციების კუთხით, საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენ გლობალურად მივესალმებოდით რეგულაციებს, თუმცა ტემპი ცოტა აგრესიული გვეჩვენებოდა. დავიწყოთ ლარიზაციით - დღეს თუ თქვენ გქონდათ ვალდებულებები ლარში, მაშინ უფრო ნაკლებად „გირტყამთ“ გაცვლითი კურსი, ვიდრე თუ ყველა ვალდებულება დოლარში გაქვთ და შემოსავალი კი - ლარში. გვესმის, რომ ლარიზაცია მნიშვნელოვანია და კარგია თუ ბიზნესის ნაწილმა ამაზე გადაწყობა შეძლო; ჩვენ ამას ვხედავთ. წლების განმავლობაში ვხედავდით, რამდენად იზრდებოდა ლარში ბონდების ემისიები. რეალურად, კომპანიებიც ვალდებულებებს იღებდნენ უფრო ლარში, ვიდრე - დოლარში, რაც მისასალმებელია.

მეორე ნაწილი იყო მისო-ების რეგულირება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს სფერო 2018 წლამდე საერთოდ არ რეგულირდებოდა. ძალიან ბევრი მოთამაშე იყო ბაზარზე და გაურკევეველი იყო რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო... ამ რეგულაციებმა კარგად „მოუსწრო“. მოთამაშეების რაოდენობა რეალურად შემცირდა, ბაზარზე უფრო კვალიფიციური მოთამაშეები დარჩნენ. ფინანსური სექტორი უფრო მზა და რეგულირებული დახვდა ამ ყველაფერს“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.

მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, რეგულაციები ზრდის ეტაპზე იყოს შემოღებული და არა - კრიზისების დროს. G&T-ის მმართველი პარტნიორის შეფასებით, მიუხედავად მძიმე რეგულაციებისა, ქვეყნის ეკონომიკამ გასულ წლებში მოქნილობა შეიძინა.

"საკმაოდ კარგი იყო ეს რეგულაციები. მართალია, რომ რეგულაცია უნდა კეთდებოდეს ზრდის პროცესში, ვიდრე კრიზისში დავიწყოთ რაღაცების რეგულირება; მგონია, რომ ამ კუთხით საკმაოდ გაგვიმართლა და დროულად მოხდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საკმაოდ მძიმე რეგულაციებისა, წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ მოქნილობა შეიძინა. ინდუსტრიები საკმაოდ ჩქარა ერგებიან ამა თუ იმ რეალობას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ მხოლოდ რეგულაციის გატარება არ არის საკმარისი, ეკონომიკა უნდა ეწყობოდეს ახალ რეალობაზე. დღესაც ვხედავთ, რომ მიმწოდებელი სერვისები, სუპერმარკეტები ერგებიან ახალ რეალობას, არის მოწოდებები, რომ ვინც სასტუმროში სამუშაო დაკარგა სუპერმარკეტებში გადადიან. ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ვგრძნობთ, რომ ეკონომიკა გაცილებით მზად არის, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.