მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას - პაპუაშვილი

61cc244d70189
თელარა გელანტია
29.12.21 13:01
478
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა როგორც საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისა და გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე ყოფილ თვამჯდომარე კახა კუჭავას, რომელიც მისი თქმით, „პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“

„ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით

- შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე,
- გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა,
- ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას,
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.

პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება.

ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები.

უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის.
ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.

ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.

ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.