მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას“ - რა კეთდება ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაში?

606f0cd664af6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 18:30
1077
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ვაშლიჯვრის ფერდობზე, მეწყრულ ზონაში, პროცესის შეკავებისთვის საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებლის პაატა ტრაპაიძის თქმით, ამ ეტაპისთვის ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდგომარეობა დროებით დასტაბილურდა. ამის შესახებ მან თბილისის მერთან ერთად ფერდობზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ის გეოლოგთა ნაწილის გუშინდელ შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ მეწყრულ სხეულზე სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს. 

„ყველაფერი, რაც კეთდება ახალი გამოგონება არ არის და ეს გამაგრებითი სამუშაოები დასავლეთის ქვეყნებში 30-40 წლის განმავლობაშია გამოცდილი. ჩვენ ვუსმენთ ჭკვიან ხალხს და კარგი იქნება, რომ სხვებმაც ჩვენზე უფრო გამოცდილ და ჭკვიან ხალხს დაუჯეროს. პანიკის დროს კარგი არაფერი ხდება. თუ რაიმე პრობლემა იქნება,  პირველი მე დავდგები და ვიყვირებ, რომ ცუდადაა საქმე.

ახლა ჩვენ მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას. რის შემდეგაც გაანგარიშებები და სრული მოდელირება ხდება წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან ერთად, ჩართულნი არიან ჩვენი გერმანელი პარტნიორები, რომლებთანაც 5 წელია, ვთანამშრომლობთ და ისინი მონაწილეობას იღებდნენ როგორც წყნეთი-ბეთანიის, ასევე შეშელიძეზე მეწყრული პროცესების გამაგრების პროექტებში“, - განმარტა ტრაპაიძემ.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა ყველა დაინტერესებული პირისა და სპეციალისტის მოსმენის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები სოციალურ ქსელებში არ უნდა განიხილებოდეს.

„ასეთი საკითხები წყდება კონფერენციებსა და სამეცნიერო საბჭოებზე. მე მზად ვარ, რომ ყველა დაინტერესებული პირი შევკრიბო, ვიმსჯელოთ, მოვუსმინოთ და მივიდეთ დასკვნამდე და თუ რამე დავაშავეთ, ჩვენვე გამოვასწოროთ, თუ არ დაგვიშავებია, გავიგოთ“, - აღნიშნა მან.

საინჟინრო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელმა თბილისის მერს ფერდობზე მეწყრულ ზონაში ჩატარებული სამუშაოები და არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი ინფორმაციით, ქანების მოძრაობის გასაკონტროლებლად ფერდობზე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა; მეწყრული სხეულის ზემოთ გაითხარა არხები, რათა უხვი ნალექი გვერდზე მდებარე ხევებში ჩავიდეს; ფერდობზე ამ ეტაპზე არსებული ნაპრალები სპეციალური თიხითაა შევსებული, რაც ნალექის შემთხვევაში წყალს შეაკავებს და მოძრავ ქანში რაც შეიძლება ნაკლები წყალი მოხვდება; ასევე მიმდინარეობს მოჭრილი მასის გატანის და 20 მეტრის სიღრმეზე ცემენტირების სამუშაოები, რაც მეწყრული სხეულის დაძვრის შემთხვევაში ხახუნს გააძლიერებს და მეწყრის სიჩქარეს შეამცირებს.

„ფერდობის მონიტორინგს მინიმუმ 5 წლის განმავლობაში გავაგრძელებთ, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ტრაპაიძემ.