მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივაღწიეთ კრიტიკულ ზღვარს, როცა კომპანიები სამუშაო ძალის გარედან შემოყვანაზე ფიქრობენ“

633d726d1754b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.22 09:01
1278
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მიგრაციის პროცესებიდან გამომდინარე, ის კრიტიკული ზღვარია გადაკვეთილი, როდესაც კომპანიები სამუშაო ძალის საზღვარგარეთიდან შემოყვანას გეგმავენ. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. ვეფხვაძე გამოეხმაურა პრემიერთან BAG-ის წევრი კომპანიების შეხვედრას, რომელიც გუშინ გაიმართა.

ლევან ვეფხვაძემ BAG ინდექსის მიხედვით კომპანიების განწყობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ კომპანიების 35% ამბობს, რომ გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას. მისი თქმით, სამშენებლო სექტორში ამას კომპანიებს 50% აცხადებს, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან აქტიური საინვესტიციო პროცესი მიმდინარეობს.

„ამ საკითხების დაყენება, პროფკავშირების მოსმენა და პრემიერის პირადი ჩართულობა ამ საკითხებში ძალიან სწორი იყო, რამეთუ ძალიან ხშირად, უწყებებს შორის დისკორდინაცია საკითხების გადაწყვეტის წინაღობას ქმნის. კვალიფიციური კადრების მომზადების ნაწილში ჩვენ „ჯოხი“ არ გვაქვს, რომ დავადოთ და ერთ კვირაში კვალიფიციური კადრი მივიღოთ.

უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მობილობის ზრდა ნამდვილად არის, რამაც კადრების მიგრაცია გამოიწვია იქ, სადაც მაღალი ხელფასებია", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ის ასევე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიზნესისგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს დასაქმების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კი პროგრამების ნაწილი იმ მოთხოვნების ადექვატური არ არის, რომელიც ბაზარზეა.

"ამასთან, თავად სასწავლო დაწესებულებები არა დასაქმებაზე, არამედ მიღებაზე იყვნენ ორიენტირებული. ამიტომ ამ პირობებში, როდესაც ქვეყნიდან მიგრაციის პროცესები იზრდება, მთავრობების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ტიპის ინსტიტუციონალური განვითარება მოხდეს, რომ კადრების პრობლემა არ შეგვექმნას. იმ დინამიკით, რაც დღეს გვაქვს, შეიძლება 2-3 წელიწადში სამუშაო ძალა არ გვყავდეს და გარედან ქვეყანაში აქტიური მიგრაცია დავიწყოთ.

მობილობის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი მწვავე არ იყო, რადგან გადინება კრიტიკულ ზღვარს არ იყოს მიღწეული. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე მივაღწიეთ იმ კრიტიკულ ზღვარს, როდესაც კომპანიები ამბობენ, რომ სამუშაო ძალის გარედან შემოყვანა უნდა დაიწყონ და ეს ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციას შექმნის“, - განაცხადა ვეფხვაძემ.