28.იანვარი .2020 10:20

მიწა 1 ლარად-რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა შვეიცარიაში შვილობილ მეურნეობას აამოქმედებს

views 1155
უკან

"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" შვეიცარიაში შვილობილი მეურნეობის ამოქმდებისთვის საწყის ეტაპზე 100 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს", - ამის შესახებ BM.GE-ის "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" ხელმძღვანელმა გიორგი ალადაშვილმა განუცხადა.

ბიოდინამიური ღვინის მწარმოებლის თქმით, გარდა იმისა, რომ მისი ღვინოების დაგემოვნება შვეიცარიაში ადგილობრივებს შეუძლიათ, იქვე გაჩნდება ადგილი, სადაც დაინტერესებული პირები საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

„ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხანში შენგენის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის გაყიდვა გართულდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ მეღვინეებს შეტანილ ღვინოსთან დაკავშირებით. ჩვენ შვეიცარიის სახელმწიფომ 1 ევროდ გადმოგვცა პატარა მიწის ნაკვეთი საზღვართან, სადაც მიტოვებული სახლებია, შემდგომი რებილიტაციის პირობით. ერთი პარტია ქვევრები უკვე წაღებული გვაქვს, ახლა მეორე პარტია ქვევრებს წავიღებთ და მიწაში ჩავალაგებთ. თუ საქართველოში გვექნება მასშტაბური წარმოება, იქ იქნება 1 ჰა ვენახი და წარმოება იქაც იქნება და კონკრეტულად ჩემს ღვინოს ევროპის ბაზარზე შეღწევა აღარ გაუჭირდება. დაახლოებით, ერთ წელიწადში ჩვენი ქართული მეურნეობა შვეიცარიაში სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება ქვეყნის წარდგენის კარგი გზა მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

„საწყის ეტაპზე  ვენახი 1 ჰა-ზე იქნება, თუმცა შემდგომში ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩემთან დასაქმებული პერსონალი წავიდეს შვეიცარიაში და მოემსახუროს მათ, ვინც საქართველოში ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ამ დროისთვის იქ გვყვავს 12 მოხალისე, რომელიც ჩამოვა ჩვენს დინამიურ მეურნეობაში და შესაბამისად, აქედან წავლენ ჩვენი თანამშრომლები იქ. ერთგვარად გაცვლითი პროგრამა იქნება ქართული და შვეიცარიული კულტურის უკეთ გასაცნობად“, - განმარტა ბიოდინამიური ღვინის წარმოებელმა.