მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის საკითხები არათანმიმდევრული კანონმდებლობით რეგულირდება - მსოფლიო ბანკი

62960dbd8394b
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.22 23:43
1404
მსოფლიო ბანკმა დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სამართლებრივ და ეკონომიკურ ფაქტორებს შეეხება, რომელთაც სოფლის მეურნეობის სექტორზე აქვთ გავლენა. მათ შორის განხილულია მიწის კანონმდებლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის შეფასებით, პრობლემური და არაეფექტიანია.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ თამაშის წესების გამარტივებით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია და მათი ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა გამარტივდება, რაც თავის მხრივ სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით ინტეგრირებული მიწის კოდექსის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მიწის კანონმდებლობაზე;

“მიწასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი ამჟამად რეგულირდება ცალკეული და ზოგჯერ არათანმიმდევრული სამართლებრივი აქტებით, რაც ქმნის რთულ საკანონმდებლო ბაზას და იწვევს მიწის რესურსების არაეფექტიან მართვას.

მიწის მართვის საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა ცხადყოფს, რომ არ არსებობს ერთიანი დოკუმენტი, მაგალითად „მიწის კოდექსი“, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა რეგულაციები, მიწის მართვასთან დაკავშირებული ყველა ორგანოსთვის (ჭითანავა, 2020 წ.). ეს იწვევს მიწის არაეფექტიან მართვასა და ხელს უშლის მიწის სექტორის განვითარებას. მიწასთან დაკავშირებული სხვადასხვა სპეციფიკური ასპექტის მარეგულირებელი მთავარი სამართლებრივი დოკუმენტებია:

კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის საწარმოებლად; ის ასევე მოიცავს შინამეურნეობის მიწას;

კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მიუთითებს, რომ საძოვრები და ცხოველთა გადასარეკი ტრასები არ ექვემდებარება პრივატიზებას, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებით. ამ საძოვრებს მუდმივად იყენებენ ახლომდებარე სოფლები; თუმცა, სამართლებრივად ეს ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაშია (საქართველოს პარლამენტი 2010 ბ);

კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ არეგულირებს სივრცით დაგეგმარებას საქართველოში და განსაზღვრავს დაგეგმარების პროცესსა და უფლებამოსილ უწყებებს.

საქართველოს ტყის კოდექსი ცნობს ტყის მიწას, როგორც ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობს, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; ასევე სპეციალური დანიშნულების მიწას; მიწას, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან სხვა მიწის ფართობს, რომელიც არ გამოიყენება ტყის განაშენიანებისათვის; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურას (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვ. (საქართველოს პარლამენტი, 2020 წ.).

მიწის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი საჭიროებს განახლებას (მაგ. კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ) ან მოქმედების სფეროს გაფართოებას. საკანონმდებლო ჩარჩო უნდა განახლდეს, რომ მასში აისახოს ისეთი კონცეფციები და მათი პრაქტიკული გამოყენება, როგორიცაა: (i) სათემო მიწის საკუთრების სტატუსი, მათ შორისაა, როგორც სარგებლობის უფლებები, ასევე სოფლის ჯგუფების კონკრეტული უფლებები და (ii) კომერციულ ფართობებში კერძო საკუთრებაზე გამავალი შიდა გზების იურიდიული სტატუსი. ეს განსაკუთრებით პრობლემური საკითხია სოფლის საძოვრებთან დაკავშირებით. თემთა ჯგუფებს არ აქვთ საძოვრებით სარგებლობის და საკუთრების უფლებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ საძოვრების გასხვისება.

რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის: ერთიანი და ინტეგრირებული „მიწის კოდექსის“ შემუშავება, რომელიც საფუძვლად დაედება მიწასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო ჩარჩოს და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

რეკომენდაცია გრძელვადიანი პერიოდისთვის: ჯგუფის /თემის მიწის სტატუსის განსაზღვრა განსაკუთრებით სოფლის საძოვრებისთვის, მათ შორის, როგორც სარგებლობის უფლებებისთვის, ასევე სოფლის ჯგუფების კონკრეტული უფლებებისთვის. არსებული ჩარჩოს საფუძველზე, შესაძლებელია, კოოპერატივების დაარსება და მათთვის უფლების მიცემა, გამოიყენონ სოფლის საძოვრები, მიწის რესურსების შენარჩუნებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობებით,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის კვლევაში.