მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა

5dc18cd2c0529
BM.GE
05.11.19 19:07
11485
ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, მუშაობა დაასრულა.

ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის სამუშაოები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებასთან ერთად პროექტირების ნაწილსაც მოიცავდა.

როგორც bm.ge-ის თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების მოწოდების პროცესშია, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, „პროექტის ბედი გადაწყდება“.

“მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით მიმდინარე წელს გამოვაცხადეთ ტენდერი და გვყავდა გამარჯვებული ავსტრიული კომპანია. მან პირველ ეტაპზე განახორციელა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ახლა სწორედ ამ კვლევის მოწოდების პროცესში არის კომპანია. გაკეთდება პრეზენტაცია მუნიციპალიტეტში და ამ კვლევიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის კრიტიკულად მნიშნველოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელია ძალ-ღონე და ფინანსური სახსრები არ დავიშურეთ, ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი და კრიტიკული გამოწვევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერთ-ერთი გადაწყვეტა არის მეტროს სისტემის გაფართოებაც, თუმცა თითოეული პროექტი თუნდაც მიწისზედა მეტროს მიმართულებით, უნდა განხორციელდეს კვლევის საფუძველზე და კვლევამ უნდა აჩვენოს, რომ ეს კონკრეტული პროექტი იქნება შედეგიანი და გარკვეულ დადებით ბიძგებს მისცემს ჩვენს სატრანსპორტო სისტემას. დღეს მე არ მაქვს საბოლოო შედეგები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და გამიჭირდება ვთქვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება ამ პროექტთან დაკავშირებით მიღებული“, - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, ავსტრიული კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH ტენდერში გამარჯვებულად მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა. პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია. კომპანიამ სრული კვლევა, რომელიც პროექტირებასაც მოიცავს, 15 თვეში უნდა დაასრულოს.