მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხაილ ფრიდმანი მზადაა, ALFA BANK-ის აქციები უკრაინის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს

634d231675356
გიორგი თოლორდავა
17.10.22 14:02
766
სანქცირებული რუსი მილიარდერი მეწარმე მიხაილ ფრიდმანი Alfa Bank-ის აქციების 100%-ის უკრაინის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მზაობას გამოხატავს.

ფრიდმანის განცხადებით, Alfa Bank Ukraine რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და მას გამართულად ფუნქციონირებისათვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის კაპიტალი სჭირდება.

მისი თქმით, კომპანიის აქციონერები მზად არიან Alfa Bank-ში აღნიშნული მოცულობის თანხა დააბანდონ, თუმცა რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ ფრიდმანი სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს. მეორე ალტერნატივად ფრიდმანი ბანკის ნაციონალიზაციას ასახელებს. მისი თქმით, ინვესტორები მზად არიან Alfa Bank-ის აქციები უსასყიდლოდ გადასცენ უკრაინის მთავრობას, თუ ის თავად შეძლებს ბანკის გამართულად მართვას და მისი საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფას.

საქმე ისაა, რომ Alfa Bank-ი უკრაინის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, მისი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება კი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება, შესაბამისად, მთავრობა იძულებული ხდება ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს ან ფრიდმანსა და ბანკის სხვა აქციონერებს რეკაპიტალიზაციის უფლება მისცეს, თუმცა ეს უკანასკნელი ალტერნატივა ფრიდმანზე დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს.

„ჩვენი აზრით, კერძო კაპიტალით დაფინანსება საუკეთესო გამოსავალია. თუმცა თუ მთავრობას ან უკრაინის ეროვნულ ბანკს ნაციონალიზაცია სურთ, ჩვენ მზად ვართ ბანკის აქციები უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს.

დროსთან ერთად უკრაინის მთელი საბანკო სისტემა აღმოჩნდება დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე. საკითხავი კი ის არის, ვის ხარჯზე განხორციელდება დაფინანსება - კერძო ინვესტორების თუ სახელმწიფო ბიუჯეტის“, - აღნიშნულია მიხაილ ფრიდმანის წერილში.

საგულისხმოა, რომ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ წერილში ფრიდმანი რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას არ მოითხოვს, თუმცა The Wall Street Journal-ი იუწყება, რომ რუსი მილიარდერის ქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.