მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიხაილოვის“ საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა და მიწები 39.8 მლნ ლარად იყიდება

606db85856477
ინგა მურუსიძე
07.04.21 17:47
2389
თბილისში, ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები 39 800 000 ლარად იყიდება.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი“.

აღმაშენებლის N60-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ ობიექტებზე ელექტრონული აუქციონი 30 მარტს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება.

რაც შეეხება შესყიდვის პირობებს, ქონების დაუფლებისთვის ერთ-ერთი პირობაა, საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 40 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო საპრივატიზაციო თანხის 2 თვეში გადახდა.

მთავრობას აღნიშნული შენობის ადგილას სასტუმროს ან მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა წარმოუდგენია, რადგან 
აუქციონის პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმროს ან/და კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართების შექმნის მიზნით, უნდა განახორციელოს სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც შეიძლება უძრავი ქონების ნაწილის დემონტაჟს, შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათების მოწყობას მოიცავდეს. კომპლექსი ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში უნდა შევიდეს.

კიდევ ერთი პირობა, რომლის შესრულებაც ყოფილი "მიხაილოვის" საავადმყოფოს შენობის შემსყიდველს მოუწევს, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შესაბამისი საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმებაა.