მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ჩხენკელი - საგრანტო კონკურსების დაფინანსება გაიზრდება

5fe1fcd0e2e55
ინგა მურუსიძე
22.12.20 20:00
782
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, მეცნიერებაში განხორცილდა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს სამეცნიერო სივრცე წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანი“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა მიიღო.

ძირითადი ღონისძიებები საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ონლაინ ფორმატში გაიმართა. ქვეყნის 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებმაც 2021 წლიდან უნდა შეასრულონ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისია.

მინისტრობის კანდიდატმა გამოყო ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში შემუშავებული 1.5 მლნ ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს 60 ქართველი მკვლევრის მობილობის დაფინანსებას.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გარდა ამისა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრით მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომი განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსებს როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და 2021 წელს საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება.

"სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, გაძლიერდება გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტი", - განაცხადა ჩხენკელმა.