მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ჩხენკელი: 2012 წლიდან დღემდე 174 საჯარო სკოლა აშენდა

6103abcfe4680
ინგა მურუსიძე
30.07.21 11:39
780
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 174 საჯარო სკოლააშენდა, ხოლო  257 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

როგორც ჩხენკელმა განათლების სისტემის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, შენება-რეაბილიტაციის პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება.

„შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, დაგეგმილია, რომ ყველა სკოლაში გაიხსნას სამედიცინო კაბინეტი და მუშაობდეს სოციალური მუშაკი.

„უსაფრთხო სასკოლო გარემოს გასაძლიერებლად გაიზრდება მანდატურების რიცხვიც“, - თქვა მინისტრმა.

პრეზენტაციისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.