მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ დუნდუა წელს საქართველოში $2 მილიარდის უცხოურ ინვესტიციას ელოდება

62c5b99f68a36
ლიკა მეგუთნიშვილი
06.07.22 22:02
1367
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა წელს საქართველოში $2 მილიარდის უცხოურ ინვესტიციას ელოდება. როგორც ის BM.GE-სთან აცხადებს, საინვესტიციო განწყობა საქართველოსთან დაკავშირებით "ცალსახად პოზიტიურია" და ეს ფაქტებითაა გამყარებული.

"ფაქტი კი არის ის, რომ წელს უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს. გაიზარდა როგორც ინვესტიციების, ისე რეინვესტიციების მაჩვენებელი. უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ნდობა არის უმაღლეს დონეზე, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სხვა ქვეყნებს შორის. 

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 568 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა“, - განაცხადა დუნდუამ და დასძინა, რომ 2022 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა იმის ინდიკატორია, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოსადმი სულ უფრო მეტ ნდობასა და კეთილგანწყობას გამოხატავენ, რაც საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„როგორც წესი, პირველ კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე შემდგომი კვარტლების საშუალო მაჩვენებელი. შემდგომ კვარტლებში საშუალო მაჩვენებელი 500 მილიონ დოლარზე მაღალი იქნება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საქართველომ წელს $2-მილიარდიანი უცხოური ინვესტიციების ნაკადი მიიღოს“. - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ცნობისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 436 მილიონი დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.