მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე Kazakhstan Growth Forum-ზე წლის საუკეთესო CEO-დ მეხუთედ დასახელდა

632dc64c90e51
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.22 18:56
841
ყაზახეთში Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე ზედიზედ მეხუთედ საუკეთესო CEO-დ დასახელდა.

ყაზახეთში ყოველწლიურ ფორუმზე Kazakhstan Growth Forum-ზე ყაზახეთის წამყვანი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს. ლომთაძემ ჯილდო „საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“ მიიღო.

Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ განაცხადა: „დიდი მადლობა ჟიურის ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების აღიარებისთვის. ჩვენ უპირველეს ყოვლისა Kaspi.kz-ს მისია ინოვაციური პროდუქტების შექმნისკენ გვიბიძგებს, რომლებიც ყაზახების ცხოვრებას აუმჯობესებენ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით: რაც კარგია ყაზახეთისა და ყაზახებისთვის, ის კარგია Kaspi.kz-თვის. ვამაყობთ იმით, რომ Kaspi.kz ყაზახეთში დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყაზახების გახარებასა და გაკვირვებას ყველაზე თანამედროვე, მარტივი და მოსახერხებელი ონლაინ-სერვისებით. მადლობას ვუხდი ჩვენს მომხმარებელს, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან!“.

აღსანიშნია, რომ საუკეთესო მმართველებს ყოველწლიურად Kazakhstan Growth Forum-ის საბჭოს ექსპერტები ასახელებენ და გამარჯვებულს ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი 500 საუკეთესო კომპანიიდან ირჩევენ.

ცნობისთვის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებითაც აღიარებული მმართველია. PricewaterhouseCoopers-ის (PwC) გამოკითხვის მიხედვით მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ ლომთაძემ წლის საუკეთესო CEO-ს წოდება ასევე ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

PricewaterhouseCoopers-ის (PwC) გამოკითხვაში 71 უმსხვილესი ყაზახური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობდა, ხმათა უმრავლესობით კი გამარჯვებულად ლომთაძე იქნა შერჩეული.

აღსანიშნავია, რომ Kaspi ყაზახეთის მასშტაბით უმსხვილესი ფინ-ტექ კომპანიაა, რომელსაც 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.