მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო 1.7$ მლრდ დაკარგა

61d6ed640c98e
მარიამ ადამია
06.01.22 17:39
4225
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა და მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.

ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi-ს ერთ-ერთი მფლობელია. აღნიშნული კომპანია უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელია ყაზახეთში, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო ყაზახეთის მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც "როიტერსი" წერს, ქვეყნის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაიევი მთავრობის გადადგომას დათანხმდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი ალიხან სმაილოვი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანაში საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების მატების გამო დაიწყო, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად თითქმის 100 პოლიციელი დაშავდა. ამასთან, ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქ ალმათიში, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა, როგორც Reuters წერს, ასობით დემონსტრანტი ქალაქის ცენტრიდან გამოეყვანა.

ინფორმაციისთვის, პროტესტი ქვეყნის დასავლეთ, ნავთობმწარმოებელ მანგისტაუს ოლქში რამდენიმე დღის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც თხევად გაზზე, რასაც მოსახლეობა ავტომობილებში იყენებს, ფასი გაიზარდა. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ პროტესტის უკან ადგილობრივი და უცხოელი პროვოკატორები იდგნენ.