მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება გასაიდუმლოებულად ჩატარდა - შსს

615815da1c1b9
ინგა მურუსიძე
02.10.21 12:28
505
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოპერაციის დეტალები სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ გააჟღერა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.