მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: FDI გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული

607417b700632
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.21 13:57
760
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის (FDI გრანტი) პროგრამამ უცხოელ ინვესტორებზე დიდი გავლენა იქონია და არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით სწორედ აღნიშნული ხელშწყობის მექანიზმის გამო დაინტერესდნენ.

„ამ ეტაპზე FDI გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე ინფორმაციით, დაინტერესება მოდის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის, ელექტრო ნაწილების წარმოების და ლოგისტიკის მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი), რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული.

ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად გრანტს სთავაზობს. პროგრამა მოიაზრებს ინვესტორის მიერ უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ თანხის ანაზღაურებას. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება სპეციფიური და სპეციალიზირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც გარკვეულ დროსთან და ინვესტორის მხიდან რესურსების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილე საერთასორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.

გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები:

წარმოება და სხვა მიმართულებები - გრანტის მოცულობა 1 მლნ ლარი

• ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი,
• შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 150 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).

BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) - გრანტის მოცულობა 750,000 ლარი

• ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 200 სრულ განაკვეთზე დასაქმებული.

ცნობისთვის: უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა.