მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: ინვესტორთა მოზიდვისთვის საერთაშორისო "როუდშოუებს" ვგეგმავთ

60db69bcba9ba
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.21 23:50
571
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოშის” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა BMG Online-ის ფორმატში სააგენტოს მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროგრამაზე ისაუბრა. ხიდურელის თქმით, რამდენიმე კვირის წინ “აწარმოე საქართველოშის” დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საამიროებში, კერძოდ, დუბაიში იმყოფებოდა, სადაც მსხვილ საინვესტიციო კომპანიებთან გაიმართა შეხვედრები. ხიდურელის განმარტებით, სააგენტო მომავალში კიდევ სამი გასვლითი შეხვედრის “როუდშოუს” გამართვას გეგმავს.

ინვესტორთა მოზიდვისთვის “აწარმოე საქართველოში” უცხოურ გამოცემებზე საქართველოს შესახებ მომზადებული მასალების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

“FDI Intelligence-ს ჰყავს ზუსტად ის სამიზნე აუდიტორია, რომელსაც გვინდა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე მივაწოდოთ ინფორმაცია. აქ განთავსებულ ინფორმაციაში ჩაშლილია არამხოლოდ საქართველოს ზოგადი უპირატესობები, არამედ წარმოდგენილია სექტორული უპირატესობებიც, არის ინტერვიუები მთავრობის წარმომადგენლებთან, არსებულ ინვესტორებთან. უკვე ვხედავთ ჩვენი სააგენტოს გვერდებზე უფრო მეტ კითხვას და მზარდ ინტერესს.

FDI Intelligence-ის გარდა, ასევე სხვა ნიშურ ჟურნალებში საქართველოს შესახებ არის წარმოდგენილი ინფორმაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მივყვეთ და ვემუშაოთ ინვესტორებსა და მათ კონსულტანტებს, რომ მედიაგარემოში, რასაც ისინი ეცნობიან საქართველოს შესახებ, აუცილებლად იყოს დეტალური ინფორმაცია. ეს არის ერთი მეთოდი, რომელსაც შედეგი საკმაოდ კარგად გამოაქვს. მეორე მეთოდი არის პირდაპირი შეხვედრები, მაგალითად დუბაიში გვქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავით და ძალიან მსხვილ ბიზნესჯგუფებთან გაგვემართა შეხვედრები. კიდევ ვგეგმავთ სამი ასეთი როუდშოუს მოწყობას, სადაც პირდაპირ ვხდებით ინვესტორებს. ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა ლოკაციების მრჩევლებთან კომუნიკაცია და მათი საქართველოში ჩამოყვანა, რადგან ამ ადამიანების საქმეა შესთავაზონ ახალი დანიშნულების ადგილები ინვესტორებს.

ეს სამი კომპონენტი არის სრული მენიუ ხელსაწყოების, რომელსაც იყენებენ ყველაზე ეფექტური საინვესტიციო სააგენტოები, შემთხვევით არ მოგვიფიქრებია ეს თემები. ჩვენ გავაანალიზეთ ყველაზე წარმატებული საინვესტიციო სააგენტოების მუშაობის პრინციპი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველა არსებულ გზას და მეთოდს სააგენტო ინვესტიციების მოზიდვისთვის იყენებს და ნერგავს,"- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.