მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: მზის ენერგოსადგურის პროექტის შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ემირატელ კორპორაციებთან

64634f732dd74
BM.GE
16.05.23 13:43
546
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში - AIM 2023 საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო ფორუმის ვიზიტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

წლევანდელ ფორუმზე საქართველო სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმზე წარდგენილი საქართველოს სტენდით ქვეყნის საინვესტიციო უპირატესობებს კიდევ ერთხელ გაეცნენ საერთაშორისო ინვესტორები.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მსხვილ საინვესტიციო გამოფენაზე საქართველოს სტენდით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. პირველ რიგში, ეს არის ბიზნესის კეთების სიმარტივე, დაბალი გადასახადები, დაბალი ბიუროკრატია, მეტი მოქნილობა და რაც ყველაზე მთავარია ლოგისტიკურ ნაწილში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, AIM 2023-ზე საქართველოს სტენდთან მოსულ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორი უშუალოდ ეცნობოდა ინფორმაციას საქართველოს შესახებ და იღებდა ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მჭიდრო ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობა აქვს და ამის დასტურია, ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც არაბული კომპანია „მასდარი“ საქართველოში 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს და მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.

„ამ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციის შემდეგ, რომლის შედეგად საქართველოში მზის ენერგოსადგურის პროექტი განხორციელდება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ემირატელ კორპორაციებთან“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ გაიმართა და მას 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.