28.ივლისი .2021 22:50

„მიზანმიმართული სანქციების დროა“- ვაშინტგონში „ოცნების“ გადაწყვეტილებას აფასებენ

„მიზანმიმართული სანქციების დროა“- ვაშინტგონში „ოცნების“ გადაწყვეტილებას აფასებენ
views 603
უკან

„ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“,- ასე აფასებს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დატოვოს ე.წ შარლ მიშელის შეთანხმება. ამის შესახებ ვრცელ სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, კრამერი თვლის, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პრემიერ ღარიბაშვილს ეკისრებათ.

„პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. „ქართული ოცნება“ არსებულ სიტუაციას დასცინის.

წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“,- ამბობს კრამერი.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს, ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა, შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 100 დღის შემდეგ, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და თქვეს, რომ ტოვებენ შარლ მიშელის შეთანხმებას.

ამ გადაწყვტილებას დევიდ კრამერის მსგავსად, ლუის ნავაროც არ იწონებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში განგრძობითი კრიზისია შექმნილი და ამაში დიდი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს, ევროინტეგრაცია სურთ, ამავდროულად კი არანაირი ძალისხმევა არ გასწიონ იმ აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მთავრობას ეკისრება. ამერიკის საელჩომ, ცოტა ხნის წინ, გააკრიტიკა ქართული ოცნების ჩავარდნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეტარებინათ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მოთხოვნებთან...“ ამბობს ნავარო.

ნავარო, რომელიც „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილველია, თვლის, რომ რეალურად „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია არ წარმოადგენს ღირებულებას და ამ ფასადს ის თავისი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს.

„სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ დემოკრატიისადმი ერთგულება განისაზღვრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობით, რომლებსაც მთავრობა „ენმ“-ს სატელიტებად მოიხსენებს. ეს სრულიად აღმაშოთებელია“,- ამბობს ნავარო.

დღესვე, „ქართული ოცნების“ განცხადების გაჟღერების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის დატოვებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკიტირებაზე დაიწყო საუბარი. კრამერისგან განსხვავებით, რომელიც ახლანდელ სიტუაციაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მართველ პარტიას აკისრებს, ნავარო თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაც“ უნდა იგრძნოს.

„მორჩილება, რომელიც „ენმ“-მ აჩვენა მიშა სააკაშვილის მიმართ, ბოიკოტისა და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერის სახით, ასევე კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სურვილებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. მაშინ, როდესაც უფრო პატარა ოპოზიციურ პარტიებს ახლა შეუძლიათ გაამართლონ პარლამენტის დატოვება იმ მიზეზით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შეთანხმება, იგივეს გაკეთება „ენმს“ აღარ შეუძლია“,- ამბობს ნავარო. იხილეთ სრული სტატია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა