11.თებერვალი.2019 20:20
ეკონომიკა, საზოგადოება

მიზეზები, რის გამოც კომიტეტებმა საპენსიო სისტემის ალტერნატიული პროექტი ჩააგდეს

მიზეზები, რის გამოც კომიტეტებმა საპენსიო სისტემის ალტერნატიული პროექტი ჩააგდეს
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილმა ახალი საპენსიო სისტემის კანონპროექტმა დღეს მხარდაჭერა ვერცერთი კომიტეტისგან მიიღო.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ ვარიანტს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ არ დაუჭირა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კი, კენჭისყრა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

მთავრი საკითხი, რის გამოც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალი საპენსიო სისტემის კანონპროექტი დაიწუნა, საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება.

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული კანონპროექტით, ქვეყანაში ეროვნული საბინაო ფონდი” უნდა შეიქმნას, რომელიც დაფინანსებას პირდაპირ საპენსიო სააგენტოსგან მიიღებს.

კანონპროექტის მიხედვით, “ეროვნულმა საბინაო ფონდმა” საბაზროზე უფრო დაბალ ფასად, გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უნდა მისცეს.

„აქ იყო შეკითხვები საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილში, იყო შეკითხვები პირველ რიგში იმაზე, რაც ბიუჯეტს აწვება და რომელიც არ არის ამ ეტაპზე გათვალისწინებული. იყო შეკითხვები თავად სანდოობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში, იყო შეკითხვები, რამდენად არის გათვლილი შესაძლო ეკონომიკის ზრდის ტემპი და მთლიანობაში ყველა ამ საკითხზე მსჯელობის შედეგად კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსაც. გარდა ამისა, დეპუტატები საუბრობდნენ, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში საგრძნობლად გაიზრდება სახელმწიფო ხარჯი, რის გამოც ინიციატივის ამ ეტაპზე გაზიარება ვერ მოხდება. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ისიც თქვა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს თან ახლავს მთავრობის უარყოფითი დასკვნა, რადგან ხარჯები სახელმწიფოს 300-დან 360 მილიონ ლარამდე გაეზრდება.

„ეს პროექტი ბევრად უფრო ორიენტირებულია ადამიანზე, ვიდრე - მთავრობის მიღებული. უბრალოდ, მე ვერ ვხედავ განთავსების მექანიზმში სრულყოფილებას იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად შედის კონკურენციაში იმ დარგთან, რომელშიც აპირებენ ამის განთავსებას. მე ვფიქრობ, ეს ისეთი საკითხია, რომელზეც შეიძლება მსჯელობა და ჩანაცვლება იმიტომ, რომ ბინათმშენებლობის გარდა სოციალური ბინათმშენებლობა მე ვფიქრობ, სხვა მეთოდებით უნდა დარეგულირდეს და არა საპენსიო შენატანებით. საპენსიო შენატანები კი, თუ მეტად ენერგოდამოუკიდებლობაზე იქნება ორიენტირებული, იმას უნდა მოხმარდეს“, -აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დავით ჭიჭინაძე.

„3,2% გამოდის საგადასახადო ტვირთი და პლიუს საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც ასევე 80 მილიონია. ამ ეტაპზე, არამგონია, მზად ვიყოთ, თუმცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მომავალში საპენსიო შენატანი დაგროვებითში უნდა გაიზარდოს. ნაცვლად დაგროვებითისა შესაძლებელია, რომ მომავალში ამას დავუბრუნდეთ, ერთი წლის მერე, ორი წლის მერე და ვიმსჯელოთ მაშინ, რომ ამ სისტემით მოხდეს, რასაც ბექა გვთავაზობს“, - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი აკაკი ზოიძე.

ახალი საპენსიო სისტემის ინიციატორს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ კანონპრიექტთან დაკავშირებით მკაფიო სურათი მაშინ გამოჩნდება, როცა დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე გავა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ საპენსიო სისტემის ალტერნატივას არ მიიღებს, ამბობს, რომ უმრავლესობას დატოვებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

24.აპრილი.2019 21:10
47

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:43
86

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:19
165

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:35
105

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: „მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
73

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:40
457

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

ვრცლად