მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზი შეიძლება იყოს დამსაქმებლის დაუდევრობა-მინისტრი უხელფასოდ დარჩენილებს მიმართავს

5ec639378181a
ინგა მურუსიძე
21.05.20 12:15
2099
"შესაძლოა, კომპანიების ნაწილი უბრალოდ უპასუხისმგებლობას იჩენს და იმიტომ არ ითხოვს დასაქმებულებისთვის კომპენსაციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა bm.ge-ის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის 20 მაისის მონაცემებით, 20 000 კომპანიამ წარადგინა მონაცემები იმ 78,000 თანამშრომელზე, რომელსაც პანდემიის გამო ხელფასს ვეღარ უხდიან.
  
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად შემოსავლების სამსახურის მონაცემებითაც, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. 

„ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის საკითხი, რომ ვისაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა შემოსავალი და მაგალითად, მარტში აღარ მისცეს ხელფასი, შეიძლება ფიქრობენ, რომ ასეთ თანამშრმლებს კომპენსაცია არ ეკუთვნით, თუმცა მათაც უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა (იგულისხმება დამსაქმებლის მხრიდან), რომ გაუშვა თანამშრომელი და არც კითხულობს ან შეიძლება ხელზე იხდიდა თანხას, თანამშრომლის საბანკო ანგარიში არ იცის და არც ცდილობს დაგვირეკოს, მოიკითხოს ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცეს და ა.შ. ჩემი აზრით, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტურონ და უნდა მოხდეს ისე, რომ კომპანიებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია“, - განმარტა ვანო მაჭავარიანმა.

რაც შეეხება, მაგალითად, დასაქმებულთა ისეთ კატეგორიას, როგორიცაა ძიძები, ფინანსთა მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე პიროვნება რაიმე შემოსავლის მიმღებ დოკუმენტს წარადგენს, კომპენსაციას მიიღებს, ხოლო სადაც დასტური არ არის, კომპენსაცია ვერ გაიცემა.

„ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები. სადაც დადასტურება არ გვაქვს, იქ უძლურები ვართ. თქვენ რომ მოხვალთ და იტყვით, რომ ძიძა ხართ, რაღაცით ხომ უნდა დასტურდებოდეს ეს. ეს საჯარო ფულია, პაუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას, როგორც მოგვეპრიანება, ისე ვერ დავარიგებთ. თავისი შეზღუდვები აქვს ამას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.