მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მმართველ გუნდს კრიტიკული სიტუაციის განეიტრალება მართებს... ცდილობენ, რომ გააკეთონ“

61979e93c2c85
თელარა გელანტია, ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.21 17:40
841
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებისა და სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, კრიტიკული გახდა. 

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და პროცესების შეფასება BM.GE-მ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს სთხოვა. მისი შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაკეთებული შეთავაზება ნორმალურია.

ის აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს სამკურნალო დაწესებულება, ქვეყანაში ყველაზე ძლიერია. თავის მხრივ, ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ მმართველმა ჯგუფმა ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა უნდა შეძლოს და ის ამას ცდილობს.

„სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს მკურნალობას სთავაზობს და ეს ნორმალურია, თუ კიდევ სხვა რამ არის ამის უკან, შეიძლება მე ვერ ვხედავ... როგორც ვიცი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, ქვეყანაში არსებულ კლინიკებს შორის, ყველაზე კარგი და ძლიერია ყოველგვარი გადაუდებელი შემთხვევებისთვის. მგონია, რომ ოპოზიციამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს...

მმართველ ჯგუფს, სახელმწიფოს უკიდურესად დაძაბული, პოლარიზებული, კრიტიკული სიტუაციის განეიტრალება მართებს... გამოსავალი არის და ცდილობენ, რომ გააკეთონ. კარგი იქნება თუ მიჰყვება ხალხი“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.