მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია ჩატარდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა - IMF საქართველოს მთავრობას

614c437ade129
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.21 10:10
683
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ანგარიშში არის საუბარი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაა, რაც ფართომასშტაბიან ფისკალურ რეფორმასთან ერთად უნდა განხორციელდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელება აუცილებელია, რათა ამან მომავალში სახელმწიფოსთვის ფისკალური რისკები არ წარმოშვას.

“ფისკალური რეფორმების გაგრძელებაა საჭირო, რათა ფინანსური თვალსაზრისით ბიუჯეტში უფრო მეტი სივრცე გაჩნდეს, რამაც ქვეყანა მომდევნო შოკების მიმართ უფრო მდგრადი უნდა გახადოს. პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა განეკუთვნებოდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რათა ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს, ასევე უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტიანობა და დაინერგოს სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტის (PIM) პლატფორმა, რითიც უნდა მოხდეს პროექტების განხილვის და შერჩევის სტანდარტიზაცია. მნიშვნელოვანია ჩატარდეს სახელმწიფო საწარმოების ფართომასშტაბიანი რეფორმა,”- ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

სახელმწიფო საწარმოები საქართველოს ეკონომიკისთვის უკვე არაერთი წელია ტვირთს წარმოადგენს. ამ კომპანიების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა იყო ამ კომპანიების მოგება-ზარალი 2020 წელს, თუმცა ცნობილია რომ “საქართველოს რკინიგზამ” გასულ წელს 164 მილიონით იზარალა, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 205 მილიონი ლარით იზარალა, “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ზარალი კი 382 მილიონი ლარი იყო.

სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათში შრომის ანაზღაურების და თანამშრომლების აყვანის პოლიტიკა სრულიად გაუმჭვირვალეა. 

სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 5 მილიარდ ლარზე დიდი ვალები აქვთ აღებული, რომელთა გადახდაც ამ ფირმების გაუარესებული შედეგების, გამო შესაძლოა გადასახადის გადამხდელებს მოუწიოთ.