10.ივნისი .2021 11:09

მნიშვნელოვანია, საპენსიო სააგენტომ მუდმივად დაიცვას ფონდის თანხები და რეპუტაცია - IMF

მნიშვნელოვანია, საპენსიო სააგენტომ მუდმივად დაიცვას ფონდის თანხები და რეპუტაცია - IMF
views 248
უკან

საქართველოს საპენსიო სააგენტო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან, სელიმ ჩაქირთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჩაქირი ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ეკონომიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე, ასევე საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და მოქალაქეთა დანაზოგების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საპენსიო სისტემა თავს უყრის მოსახლეობის დანაზოგს. ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე მობილიზებული ფინანსური რესურსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ სჭირდება იმავე რაოდენობის თანხა ისესხოს საგარეო წყაროებიდან. მეტი ადგილობრივი დანაზოგი და ნაკლები უცხოური სესხი ამცირებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტად მედეგი ხდება საგარეო შოკების მიმართ.

საპენსიო სისტემის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საპენსიო ფონდი არის ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც ზრდის მოთხოვნას გრძელვადიან ლარის ინსტრუმენტებზე და ასევე ხელმისაწვდომს ხდის ლარის გრძელვადიან საფინანსო რესურსს. გრძელვადიანი ლარის ინსტრუმენტების არსებობა ეხმარება ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას, რითაც ეკონომიკა უფრო მედეგი იქნება გაცვლითი კურსის ცვალებადობის მიმართ.

საპენსიო სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის საფუძველი იყოს აშენებული მაღალი რეპუტაციით და საიმედო პერსპექტივით. დღევანდლამდე, საპენსიო სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, სააგენტომ გააგრძელოს საქმიანობა და მუდმივად დაიცვას ფონდში აკუმულირებული თანხები და სააგენტოს რეპუტაცია”, - აცხადებს სელიმ ჩაქირი.

სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ასევე საუბრობს იმაზე, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეებს დანაზოგების დივერსიფიცირების შესაძლებლობასაც აძლევს.

10 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდში 1.49 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული, რაც სისტემაში ჩართული 1.5 მილიონი მოქალაქის დანაზოგს წარმოადგენს. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% - სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისთვის სრულად ლარშია ინვესტირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა