მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, საქართველომ საგადასახადო შეღავათები შეამციროს - IMF

63a42e18d8f75
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.22 14:33
894
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ანტუანეტ მონსიო საიეჰის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ საგადასახადო შეღავათები შეამციროს. ამის შესახებ ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოში 3-წლიანი პროგრამის მიმდინარეობას ეხება.

საგადასახადო შეღავათების გაუქმებასთან ერთად სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საჯარო საინვესტიციო პროექტების მართვის გაუმჯობესების საჭიროებაზეც საუბარობს.

“ფისკალური რესურსის (სივრცის) გასაზრდელად და პრიორიტეტული ხარჯების გასაწევად და კაპიტალური ხარჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საგადასახადო დანახარჯების (საგადასახადო შეღავათების) შემცირება, საგადასახდო ადმინისტრირების და საჯარო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა სახელმწიფო საწარმოთა მმართველობითი რეფორმის და განახლებადი ენერგიის რეფორმის მიმართულებით. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ფისკალური რისკების შესამცირებლად,”- აცხადებს ანტუანეტ მონსიო საიეჰი.

ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა საგადასახადო შეღავათების შეფასება. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს 2.76 მილიარდი ლარი დაუჯდა. ანუ ეს არის ის თანხა. რომელიც ბიუჯეტში ამ შეღავათების გამო არ შევიდა. 2020 წელს ეს თანხა 2.5 მილიარდი იყო, 2019 წელს - 2.8 მლრდ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა სავალუტო ფონდთან ერთად შეაფასებს ამ შეღავათების ეფექტიანობას, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილებები თუ რომელი ბენეფიტები შეიძლება გაუქმდეს.