მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოახდინა თუ არა 100 მლნ-ის ყალბმა ანგარიშფაქტურებმა ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა

5dbab005b8245
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.19 14:41
1637
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ყოველთვიურ მაჩვენებელს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვის მაჩვენებელზე დაყრდნობით ითვლის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ უწყებამ დამატებითი ღირებულების ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმე გახსნა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მათ თავიდან აიცილეს 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.

"დღგ-ის დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

BMG დაინტერესდა, რადგან საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დღგ-ის ბრუნვაზე დაყრდნობით ითვლის, შეეძლო თუ არა აღნიშნულ ფინანსურ მაქინაციას ეკონომიკურ ზრდაზე მოეხდინა გავლენა.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, საქსტატიც და ადმინისტრაციული ორგანოც, რომელიც უწყებას აღნიშნულ სტატისტიკას აწვდის მის სანდოობას მუდმივად ამოწმებს.

"ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ისინი ბრმად არ გვიგზავნიან ამ მონაცემებს, მათ მიერ ხდება ამ მონაცემების შემოწმება და დინამიკური ჭრილებიდან ეგრეთ წოდებული "ამოვარდნილი ელემენტების" ამოგდება. გარდა ამისა, ჩვენ მიერ ხდება ამ მონაცემებზე დაკვირვება და შეფასება და თუ რამე რისკი არსებობს არასწორი ინფორმაციის, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეკონტაქტებით არამხოლოდ ადმინისტრაციულ წყაროს, არამედ უშუალოდ რესპონდენტსაც და გარდა ამისა, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდისთვის გამოყენებული მაჩვენებელი სრულად ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმაციულ წყაროს და რაც არ უნდა იყოს მითითებული, მისი დაზუსტება ხდება დამოუკიდებელი წყაროდან, ანუ საქსტატის მიერ ორგანიზებული კვარტალური გამოკვლევიდან, რომელიც თუ დააკვირდებით, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა კვარტალური გამოკვლევის შემდეგ, ზუსტდება და ხშირ შემთხვევაში იცვლება მეტობის ან კლების მიმართულებით", - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

როგორც ცნობილია, დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე 50-ზე მეტი პირის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული.