მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოახდინა თუ არა გათოვლიანების სისტემამ წყლის მოცულობაზე გავლენა - ინტერვიუ თამაზ გამცემლიძესთან

5e13453e522d0
შოთა ტყეშელაშვილი
06.01.20 19:10
1510
2020 წელს საქართველოს ზამთრის კურორტები წყალმომარაგების პრობლემით შეხვდნენ. არაერთი სასტუმროს დამსვენებლებმა შექმნილი ვითარების გამო ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს.  მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას, რომელიც ბაკურიანსა და გუდაურში არის დამონტაჟებული, სასმელი წყლის მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია. 

თამაზ გამცემლიძის თქმით, მართალია, გათოვლიანების სისტემისთვის წყლის შესყიდვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან ხდება, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში წყლის შეძენას სასმელი წყლის მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც მისი შეძენა 2019 წლის ნოემბერში მოხდა. 

ინტერვიუ თამაზ გამცემლიძესთან:

 - გუდაურში ხელოვნური ტბის საკითხზე გკითხავთ. გუდაურის გათოვლიანების სისტემისთვის მოეწყო ხელოვნური ტბა. ტბის შევსება 2019 წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო, თუმცა არ მომხდარა. თქვენ ამჟამად გათოვლიანებისთვის ტბა გამოიყენეთ თუ სხვა რეზერვუარი?

რეზერვუარის შევსება არ მოხდა იმიტომ, რომ არ დასრულებულა ის სამუშაოები, რა წყლის მარაგითაც უნდა შეივსოს ეს რეზერვუარი. ამაზეც შეგიძლიათ მიმართოთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, უფრო დეტალურად. მე შემიძლია გითხრათ, რომ ტბაზე დასრულებულია ყველა სამუშაო, ასევე დასრულებულა გათოვლიანების სისტემის ყველა სამუშაო, რაც პირველი და მეორე ფაზით არის გათვალისწინებული. როდესაც გვექნება საშუალება წყლის შევსების, შემდეგ უკვე იქნება ჩვენს მართვაში. წყალმომარაგების კომპეტენციაშია შევსების საკითხი. მე რამდენადაც ვიცი, მუშაობა მიმდინარეობს. რა ინფორმაციაც მაქვს და მე თვითონაც მოვინახულე  შესაბამისი მაგისტრალის მშენებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ის დასრულებული არ არის.

 - როგორც თქვით გათოვლიანების სისტემისთვის წყალს ყიდულობთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან. იმ პერიოდში, სანამ სამზადისი იყო ტურისტული სეზონის პიკისა, იქამდე შეიძინეთ წყალი?

- ორი განსხვავებული მეთოდი გვაქვს. ბაკურიანში სხვა სისტემით ვამუშავებთ, გუდაურში - სხვა სისტემით. ბაკურიანში 4 დეკემბერს ჩაირთო ბოლო გათოვლიანების სისტემა. ამასთანავე, ბაკურიანში ტემპერატურებიც არ იყო შესაბამისი, ტემპერატურამაც გვიმუხთლა, თორემ იყო შესაძლებლობა რომ სანამ აქტიური სეზონი დაიწყებოდა, იქამდეც ჩაგვერთო სისტემა, მაგრამ ტემპერატურამ არ მოგვცა საშუალება. ბაკურიანში ხდება პირდაპირ წყალმომარაგების ქსელიდან ამ წყლის ჩვენს ქსელში ჩატუმბვა. ეს არ მომხდარა 2019 წლის 4 დეკემბრის შემდგომ, ასე რომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ გათოვლიანების სისტემამ რაიმე სახის ზეგავლენა იქონია. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, ეს რეზერვუარი ჩვენ რომ სრულადაც დავცალოთ, იმ პერიოდში იმდენად ნაკლებია მოხმარება, რომ მალევე ივსება ეს რეზერვუარი სრულად.

რაც შეეხება გუდაურს, გუდაურის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ჩვენი ქსელი გათოვლიანების სისტემის, რომლითაც ტბიდან უნდა ავიღოთ წყალი მომავალში. ის ჭარბი წყალი, რისი საშუალებაც 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა გუდაურის წყალმომარაგების სისტემას, რომ მოეწოდებინა, იმ ჭარბ წყალს ჩვენ უკუსვლით ვტუმბავდით ტბაში და იქ დავიგროვეთ გარკვეული რეზერვუარი. ტესტ რეჟიმში ჩავრთეთ სისტემა, რათა მიღება-ჩაბარების აქტი გაგვეფორმებინა გათოვლიანების სისტემის. შესაბამისად, ამისთვის მცირე რეზერვი დავაგროვეთ ტბაში. ტბის მოცულობის 7-10%-მდე დავაგროვეთ.

- რამდენჯერ გქონდათ ეს სისტემა ჩართული?

რამდენიმე საათით იყო ჩართული დეკემბერში და გუშინაც ჩავრთეთ ჩვენი ტბიდან აღებული მარაგით. ალბათ ერთი- ორი საათით. ეს იყო სულ. მარაგი რაც გვაქვს, არის ნოემბერში აღებული.