მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურ ოპერატორებს შემოსავლები გაეზარდათ - რა შემოსავალი აქვს "მაგთის", "სილქნეტს" და "ბილაინს"?

6131e42d27181
შოთა ტყეშელაშვილი
04.09.21 00:00
1202
საქართველოში მოქმედ ყველა მობილურ ოპერატორს 2021 წელს შემოსავალი გაეზარდა. კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მობილურ კავშირგაბმულობაში 230.8 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც 2020 წელთან შედარებით 25.5 მილიონი ლარით ანუ 11%-ით მეტია. კომპანიებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი კვლავინდებურად “მაგთის” აქვს, რომელმაც მობილური კავშირგაბმულობიდან 118.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. უფრო დეტალურად, კომპანიების ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება: 

● “მაგთიკომი” - 118,419,753 ლარის შემოსავალი, ზრდა წინა წელთან 13.4%;
● “სილქნეტი” - 90,534,109 ლარის შემოსავალი, ზრდა წინა წელთან 7.6%;
● “ვიონი საქართველო” (ბილაინი) - 47,412,421 ლარის შემოსავალი, ზრდა წინა წელთან 12.2%.

რაც შეეხება აქტიური აბონენტების რაოდენობას, ის ჯამურად 5 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 250,000 აბონენტით მეტია. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით, აბონენტები ასე ნაწილდება:

● "მაგთიკომი" - 2,054,107 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 7.45%;
● "სილქნეტი" - 1,690,008 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 2.59%;
● "ვიონი საქართველო" - 1,294,100 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 5.81%.

სტატისტიკის მიხედვით, მობილური ოპერატორებისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება აბონენტებისთვის მობილური ინტერნეტის მიწოდებაა. მთლიანობაში, 2021 წლის 6 თვეში მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა 69%-ით გაიზარდა და 136,078 ტერაბაიტი შეადგინა. მობილური ინტერნეტის ტრაიფიკშიც პირველ ადგილზეა “მაგთი”, რომლის აბონენტებმაც 71,490 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.

მობილური ოპერატორებისთვის აბონენტების რაოდენობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი აბონენტიდან საშუალოდ მიღებული შემოსავლებიც. თითოეული აბონენტიდან ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავალი ასევე "მაგთის" აქვს. კომპანიების მიხედვით, ეს პარამეტრი ასე ნაწილდება:

● “მაგთი” - 10.36 ლარი თვეში საშუალოდ ერთი აბონენტიდან;
● “სილქნეტი” - 9.57 ლარი თვეში საშუალოდ ერთი აბონენტიდან;
● “ვიონი საქართველო” - 6.58 ლარი თვეში საშუალოდ ერთი აბონენტიდან.

შესაბამისად, როგორც აბონენტების რაოდენობით, ასევე საშუალოდ ერთი აბონენტიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, ბაზარზე ბოლო ადგილზე “ბილაინია”.