მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურმა ინტერნეტმა სატელეფონო ზარები ჩაანაცვლა და ოპერატორების #1 შემოსავლის წყარო გახდა

62bae71c46355
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.22 22:20
2086
საქართველოში მობილურის სულ 5.16 მილიონი აბონენტია, მათ 2022 წლის 4 თვეში მობილურ მომსახურებაში სულ 198 მილიონი ლარი გადაიხადეს. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წინა წელთან შედარებით ეს თანხა 20%-ით მეტია.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორები მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან - თუკი წარსულში მათი შემოსავლის მთავარი წყარო ხმოვანი მომსახურება იყო, დღეს ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს მობილური ინტერნეტიდან იღებენ. აპრილში მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 42%-ით გაზრდილია და 2022 წლის აპრილის თვეში 32 პეტაბაიტი შეადგინა.

სექტორის 53-მილიონიანი შემოსავლები აპრილში ასე ნაწილდებოდა:

● მობილური ინტერნეტი - 45%, 23.8 მილიონი ლარი;
● ხმოვანი მომსახურება - 41%, 21.7 მილიონი ლარი;
● სმს - 3%, 1.6 მილიონი ლარი;
● სხვა სერვისები - 11%, 5.8 მილიონი ლარი.

სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ ყველაზე მეტ ინტერნეტს “მაგთის” აბონენტები მოიხმარენ, ყველაზე ნაკლებს კი “ბილაინის”.

უფრო დეტალურად, "მაგთის" ერთი აბონენტი თვეში 15.1 გიგაბაიტ ინტერნეტს იყენებს, "სილქნეტის" 8 გიგაბაიტს, ვიონის კი 6 გიგაბაიტს.

ოპერატორებს შორის როგორც აბონენტების რაოდენობით, ასევე ჯამური შემოსავლებით პირველ ადგილზეა “მაგთი”, რომელმაც აბონენტებისგან 96 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიას აპრილის მდგომარეობით 2.16 მილიონი აბონენტი ჰყავდა.

კომპანიების შემოსავლები ასე ნაწილდება:

● "მაგთი" - 2.16 მილიონო აბონენტი, მიღებული შემოსავალი 96.2 მილიონი ლარი, მატება 26%;
● "სილქნეტი" - 1.71 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 68.2 მილიონი ლარი, მატება 17%;
● "ვიონი საქართველო" - 1.29 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 33.5 მილიონი ლარი, მატება 10%.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტს მობილურ სერვისში "მაგთის" აბონენტები ხარჯავენ. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, აბონენტის მიერ თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი ARPU არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომლითაც კომპანიები ფასდებიან. აპრილის მდგომარეობით ის ასე ნაწილდებოდა:

● "მაგთი" - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 11.74 ლარი;
● "სილქნეტი" - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 10.94 ლარი;
● "ვიონი საქართველო" - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 6.82 ლარი.