მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურმა ოპერატორებმა 455 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს, როგორ ნაწილდება თანხა კომპანიებზე

60198eb6a2797
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.21 19:38
1203
2020 წელს სოციალური დისტანცირების მოთხოვნების გამო, მთელი მსოფლიო ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებით უკავშირდებოდა, ამიტომაც მობილური ოპერატორების შემოსავლები 2020 წელს მკვეთრ ვარდნას გადაურჩა. გასული წლის 11 თვეში ქართულმა ოპერატორებმა შემოსავლების სახით (დღგ-სა და აქციზის გარეშე) 455.4 მილიონი ლარი მიიღეს. წლიურ ჭრილში ოპერატორების შემოსავლები მხოლოდ 0.6 მილიონი ლარით არის შემცირებული.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ შემცირებულია აქტიური სიმ ბარათების რაოდენობა. 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სულ 4.86 მილიონი სიმ ბარათია მოქმედი, რაც წინა წელთან შედარებით 114 ათასით ნაკლებია. სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ აბონენტების ნაწილმა, ვისაც 2 ბარათი ჰქონდა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთი ბარათი დროებით გააუქმა. ამასთან, აბონენტების რაოდენობა შემცირებულია როგორც “მაგთისთვის” (კლება 44 ათასი), ასევე “სილქნეტისთვის” (კლება 76 ათასი), ხოლო “ვიონის” ქსელში სიმ ბარათების რაოდენობა 5.4 ათასით არის გაზრდილი.

თანხობრივად შემოსავლებში კვლავ “მაგთი” ლიდერობს, კომპანიამ იანვარ-ნოემბერში აბონენტებისგან 211 მილიონი ლარი მიიღო.

მობილური ოპერატორების შემოსავლების რეიტინგი:

"მაგთიკომი" - 211,076,500 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.16%
"სილქნეტი" - 163,408,291 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.45%
"ვიონი საქართველო" - 80,904,535 ლარი, კლება წინა წელთან -1.97%.

რაც შეეხება აბონენტების რაოდენობას, ის ასე ნაწილდება:

მაგთიკომი - 1,959,149 აბონენტი, კლება წინა წელთან -43,986
სილქნეტი - 1,651,829 აბონენტი, კლება წინა წელთან -75,879
ვიონი საქართველო - 1,248,051 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 5,357.

მობილური ოპერატორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ერთი აბონენტიდან თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლებია. ამ კუთხით ყველაზე მეტი შემოსავალი (10.2 ლარი) "მაგთის" აქვს, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" 9.03 ლარით, მესამეზე კი "ვიონი" 6.05 ლარით.