მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოცვზე ფასი მკვეთრად დაეცა” - GeorgianBlue ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე

60e8595cd8018
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 00:00
16386
ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობაში მოცვის ბაღების გაშენება სულ უფრო პოპულარული ხდება. სასარგებლო, ძვირად ღირებული და მალფუჭებადი პროდუქტის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სადაც გასულ წელს 631.8 ტონა მოცვის ექსპორტით საქართველომ 3.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. გარკვეული რაოდენობით მოცვი 2020 წელს სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, უკრაინასა და კატარში გავიდა.

მიმდინარე წლის ივნისის დასასრულს კი გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მათ შორის მოცვის ექსპორტზე რუსეთმა მოთხოვნები გაამკაცრა, რამაც საქართველოში მოცვის მწარმოებლებსა და ექსპორტიორ კომპანიებს გარკვეული კითხვები გაუჩინა და რუსეთში ექსპორტის დროებით შეჩერება აიძულა. რა მდგომარეობაა დღეს მოცვის ბაზარზე და რა ფასად იყიდება პროდუქტი ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ - ამ კითხვებით BM.GE-მ მოცვის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია GeorgianBlue-ს გენერალურ დირექტორს მიმართა. 

„ამ ეტაპზე რუსეთში მოცვის ექსპორტის კუთხით შეფერხებები არ არის. ჩვენ მიერ გაგზავნილი მოცვი რუსეთში ჩავიდა, თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საბაჟოზე რუსეთის მხრიდან ტრანსპორტირებისას გარკვეული სახის დოკუმენტაცია იყოს მოთხოვნილი, რაც პროდუქტის საბაჟოზე დაყოვნებას გამოიწვევს, ეს კი მალფუჭებადი მოცვის შემთხვევაში რეკომენდებული არ არის. ამის გამო ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან მოცვის ჩაბარება შევაჩერეთ და რუსეთში ტრანსპორტირებისას სატრანსპორტო რისკს ჩვენ თავზე აღარ ვიღებთ. ამ მწარმოებლებს მოცვის რუსეთის ბაზარზე რეალიზაცია სხვა შუამავლების საშუალებით მოუწევთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი წარმოების მოცვის რეალიზებას ვახდენთ, რადგან ჩვენ Global GAP-ი გვაქვს მიღებული, რაც პროდუქტის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს“, - აცხადებს GeorgianBlue-ს გენერალური დირექტორი რატი მორჩილაძე.

მისი ინფორმაციით, წელს კომპანია რეალიზაციის მიზნით ადგილობრივი 30-მდე ფერმერისგან 25-30 ტონა მოცვის ჩაბარებას გეგმავდა, რომელიც ექსპორტზე სრულად რუსეთში უნდა გასულიყო, თუმცა დღეს მოცვის მიღება არამხოლოდ ექსპორტის, არამედ სამაცივრე მეურნეობაში შესანახადაც შეჩერებულია.

„რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობაში მოცვის შენახვის მიზნით ჩაბარებას, მცირე მოცულობებით ვახერხებთ მიღებას, თუმცა ჩვენც მოსავლიანობის პიკი გვაქვს, შესაბამისად ჩაბარების მოცულობები შემცირებულია“, - აღნიშნავს ის.

რატი მორჩილაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესების გამო ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვის ღირებულება შემცირებულია.

„მოცვზე ფასი მკვეთრად დაეცა. თუ წინა პერიოდში რუსეთის ბაზარზე მოცვის ფასი 7-9 დოლარი იყო, ახლა 3-4 დოლარია. ადგილობრივ ბაზარზე შუამავლები ფერმერებს დაახლოებით 1.5 დოლარს უხდიან, რაც ძალიან დაბალი ფასია. ევროპაში მდგომარეობა ბევრად უფრო სტაბილურია და პროდუქტის ღირებულება 6-დან 8 ევრომდე მერყეობს“, - უთხრა BM.GE-ის ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ „მოცვი გაუყიდავი არ დარჩება, თუმცა მისი ჩაბარება ძალიან დაბალ ფასად მოხდება“.

რატი მორჩილაძე მდგომარეობიდან გამოსავალს კოოპერატივის ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ფერმერების მიერ Global GAP-ის სტანდარტის მიღებაში ხედავს, თუმცა ამ ნაწილში გამოწვევების ალბათობას არ გამორიცხავს

„გამოსავალს მცირე ფერმერების მხრიდან Global GAP-ის სტანდარტის დანერგვაში ვხედავ, იმისთვის რომ მათ ევროპის ბაზარზე მოცვის გატანა უპრობლემოდ შეძლონ. თუმცა რიგ შემთხვევაში მეურნეობები იმდენად პატარაა, მაგალითისთვის ფერმერებს მოცვის ბაღები 0.5 ჰა-ზე აქვთ გაშენებული, რომ ამ სტანდარტების მიღება არ უღირთ. მეორე გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად კოოპერატივების შექმნაა, თუმცა ამ ნაწილში, როდესაც ბევრი ფერმერი ერთიანდება, მაშინ სირთულეები იქმნება. ესეც მკაფიო გამოსავალი არ არის“, - განმარტავს მორჩილაძე.

მისივე ინფორმაციით, GeorgianBlue მიმდინარე წელს 150 ტონა მოცვის მოსავალს ელოდება, აქედან 50 ტონა უკვე ექსპორტირებულია. დარჩენილი 100 ტონიდან ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებში გერმანიასა და ჰოლანდიაში გავა ექსპორტზე, ნაწილი კი რუსეთში.