10.ივლისი .2020 19:40

„მოდით, კარგზეც ვისაუბროთ“ - „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი

views 890
უკან

„მოდით, კარგზეც ვისაუბროთ. არის საკითხები, სადაც პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს და ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა აქტიური პროცესი მიმდინარეობს და მისი შედეგებიც სახეზეა“, - ასე ფიქრობს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი და ზესტაფონსა და ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ გვიამბობს. ბიოლოგიური და ტექნიკური რეკულტივაციები ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნითა და კონცენტრატით დატვირთული მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჰაერის ფილტრების მუდმივი ცვლა, ზესტაფონში საწარმოს ტერიტორიაზე მტვრის სანაყაროს ბალახით დაფარვა, გამწვანების აქციები და სხვა - ირაკლი ნოზაძე ამბობს, რომ ეს იმ ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რასაც კომპანია ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ორივე რეგიონში ახორციელებს.

უფრო დეტალურად, თუ რა სახის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ბოლო პერიოდში და როგორი გეგმები აქვს, ამის შესახებ ვრცლად ის ინტერვიუში გვესაუბრა.

საუბარი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ახალი, მასშტაბური პროექტით დავიწყოთ. რომლის შედეგადაც ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება... გვიამბეთ, ახლად დანერგილი ტექნოლოგიის შესახებ…

პროექტი ნამდვილად მასშტაბურია, თუმცა ჯერ საპილოტეა და, თავდაპირველად, ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე ხორციელდება. ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარე ყვირილაში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე მოხდება, რეცხვის შედეგად მიღებული შლამი კი გამოშრება და სამომავლოდ კომპანია მას სარეკულტივაციო ადგილებისთვის სასუქად გამოიყენებს. ეს ერთერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც, ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა. შესაბამისად, ჩვენ ყველა დაპირების შესრულებას ეტაპობრივად ვახორციელებთ.

სწორედ ამ პროექტიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია, რომ ე.წ. შავი ყვირილას მითი დაიმსხვრევა და იგეგმება თუ არა იმავე ტექნოლოგიის დანერგვა სხვა ფაბრიკებში?

ეს არ არის პირველი პროექტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. შავი ყვირილას მითი დაიმსხვრა. მაგალითად, ჩვენ ორი წლის წინ ახალი ფაბრიკა ავამოქმედეთ, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შევძლებთ, ახალი ტექნოლოგიით მითები დავამსხვრიოთ - ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ სწორედ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო შედეგს მივიღებთ, ამ კითხვაზე პასუხიც გვექნება. რა თქმა უნდა, მოლოდინები პოზიტიურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ქარხანას თავისი სპეციფიკა აქვს და სადაც ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ანალოგიურის დანერგვა სხვა ქარხნებთან მიმართებითაც მოხდება.

რა მდგომარეობაა რეკულტივაციებთან მიმართებით? როგორც ვიცით, კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ სარეკულტივაციო სამუშაოები ყოველწლიურად კონკრეტულ ფართობზე განახორციელოს...

დიახ, 2017 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ რეკულტივაციასთან მიმართებით არსებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. მაგალითად, 2019 წელს კომპანიის მიერ ტექნიკური რეკულტივაცია 50 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განხორციელდა. ბუნებრივია, ტექნიკური სარეკულტივაციო სამუშაოები 2020 წელსაც მიმდინარეობს და ის წლის ბოლომდე გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარე წელსვე, 2019 წელს ტექნიკურად რეკულტივირებული ტერიტორიების გამწვანებაც იგეგმება.

აქვე მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ ტექნიკური სარეკულტივაციო სამუშაოების შედეგი არის ის, რომ სოციალური მიმოქცევიდან ამოღებული ტერიტორიები ისევ ხალხის ხელში ბრუნდება. მათ ყოველგვარი წინაღობის გარეშე შეუძლიათ, რომ რეკულტივირებული ტერიტორიებით ისარგებლონ. აქ იგულისხმება მიწების როგორც სოციალური დატვირთვისთვის, ასევე - სასოფლო-სამეურვეო სავარგულებისთვის გამოყენება. კომაპანია ამ საკითხით დაინტერებულია და მიაჩნია, რომ ეს მაღალ სოციალურ ეფექტს მოიტანს.

ხშირად გვესმის, რომ ჭიათურაში მანგანუმით დაბინძურებული სასმელი წყალია, რომ ის საწარმოო პროცესის შედეგად ტექნიკური წყლებით ბინძურდება... რამდენად არის ეს რეალობასთან ახლოს?

„ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე სხვადასხვა მიმართულებით ზრუნავს. რა თქმა უნდა, გარკვეული სახის ხარვეზები არსებობს, თუმცა მისი გამოსწორება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. მიმდინარე თვეში სწორედ წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ჭიათურის სოფელ ზემო ითხვისში ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ძველ წყაროს საკუთარი დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარა. მსგავსი სახის პროექტების განხორციელებისთვის „ჯორჯიან მანგანეზი“ მუდმივ მზადყოფნაშია.

ჭიათურასა და ზესტაფონში ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობისა და გაფრქვევის კუთხით რა ზომებს მიმართავს „ჯორჯიან მანგანეზი“? რამდენად მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით და როგორ?

ორივე რეგიონში ჰაერში მეტალების შემცველი ნივთიერებების გაფრქვევის კუთხით კომპანია საკმაოდ აქტიურად მუშაობს. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ სწორდება.

კერძოდ, ზესტაფონში ფილტრების განახლების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, ფილტრების ეფექტურობის ხარისხის შემოწმება მუდმივად ხორციელდება. გარდა ამისა, ქარხნის ფილტრების ეფექტურობის შემოწმების კუთხით კიდევ ერთი კონტროლის საშუალება არის ის, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ოთხივე მხარეს ჰაერის ხარისხის მზომი ონლაინჯიხურებია დამონტაჟებული, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ ჰაერის ხარისხისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ.

რაც შეეხება ჭიათურას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით რა შემიძლია, ვთქვა - მუდმივად მანგანუმის მადნის ტრანსპორტირება ძარადახურული მანქანებით ხდება. შესაბამისად, მტვრის სახით მავნე ზემოქმედების ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევა აღარ ხდება.

ასევე, მტვრის დონეების შემცირების მიზნით, ყოველდღიურად დასახლებულ ტერიტორიებზე გზების მორეცხვის სამუშაოები ხორციელდება.

ასევე, მრავალი წელია, ჭიათურაში მოპოვების გამო სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაუარგისების პრობლემა დგას, დღეს ამ მიმართულებით რამდენად მუშაობს „ჯორჯიან მანგანეზი“ და როგორ? რამდენად დიდია ეს ტერიტორიები და როგორ გესახებათ პრობლემის მოგვარება?

სამთო-მოპოვებითი ოპერირების შედეგად სასოფლო-სამეურვეო სავარგულების შემცირება ლოგიკურია, რადგან როდესაც ღია კარიერული წესით ტერიტორიის დამუშავება ხდება, ბუნებრივია, ამ ტერიორიის გამოყენება სასოფლო-სამეურვეო სავარგულებად ვერ მოხდება, თუმცა აქვე ვუბრუნდებით ჩვენ ზემოთ მოცემულ კითხვას რეკულტივაციებთან დაკავშირებით.

კარიერის დამუშავების ეტაპზე ეს ტერიტორიები სასოფლო-სამეურვეო სავარგულებიდან ამოღებულია, თუმცა აუციელებელია, რომ რეკულტივაციების სამუშაოების ჩატარება დროულად მოხდეს, რათა ეს ტერიტორიები ადგილობრივმა მოსახლეობამ ისევ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოიყენოს.
პრობლემის მოგვარება რეკულტივირებული ტერიტორიების გამოყენება და მის გამწვანებაა. მიმდინარე წელს, ბიოლოგიური რეკულტივაციის შემდეგ შესაძლებელი ხდება, რომ აღნიშნული ტერიტორიები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად დაბრუნდეს. 2017 წლიდან დღემდე რეკულტივაცია რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაკეთდა.

მოგვიყევით გამწვანების აქციების შესახებ როგორც ჭიათურაში, ისე - ზესტაფონში, როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ...

კომპანია გამწვანების პროექტებს ორივე რეგიონში ეტაპობრივად ახორციელებს. "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და ოქტომბერში თანაორგანიზატორებსა და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანისა და აკაციის ხეები დარგეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მსგავსი ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ იმ კომპანიების რიცხვში შედიხართ, ვინც არაერთ სოციალურ-საგანმანათლებლო შინაარსის პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის „ეკოლოგიკა“. რას ემსახურება ის და თქვენ, როგორც კომპანიის გარემოს დაცვის დირექტორი, როგორ შეაფასებთ მის შედეგებს?

მიმაჩნია, რომ „ეკოლოგიკა“ ჩვენი კომპანიის ერთერთი წარმატებული პროექტია. ის ჭიათურელ და ზესტაფონელ ახალგაზრდებს საკუთარი ხედვების წარმოჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ ამ ხედვების ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებაში ეხმარება. „ეკოლოგიკა 2019“-ს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. პროექტში ორივე რეგიონიდან მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

რაც შეეხება პირადად ჩემ შეფასებას, მე ამ პროექტში მონაწილე ახალგაზრდებით ნამდვილად გაოცებული ვარ, რადგან ისინი მათ სკოლებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ზუსტად ხედავენ და ცდილობენ, ჩვენთან ერთად მის გამოსწორებაზე იზრუნონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა