მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგებაზე გასული სახელმწიფო ელექტროსისტემა ბიუჯეტს 69 მლნ-ის დივიდენდს გადაუხდის

5fccd4bb081a8
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.20 16:40
1562
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური შედეგები გაუმჯობესდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანია 2018 და 2019 წლებში წარმოშობილი მოგების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტს მიმდინარე წლის ბოლოს 69 მილიონი ლარის დივიდენდს გადაუხდის. 

აუდიტორული ანგარიის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემას 2019 წელს 235 მილიონი ლარის შემოსავალი და 30.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. 2018 წელს კი ელექტროსისტემამ 227 მილიონის შემოსავალი და 46 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან ირკვვევა, რომ კომპანია მოგების მნიშვნელოვან ნაწილს დივიდენდის სახით გასცემს.

"2020 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადება სს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2018-2019 წწ მოგების განაწილების თაობაზე (2018-2019 წწ კომპანიის მოგებამ შეადგინა 77 175 ათას ლარი, აქედან 2018 წელს წმინდა მოგებამ შეადგინა 30 432 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს - 46 743 ათასი ლარი). მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კომპანიის 2018-2019 წლების წმინდა მოგებიდან 8 175 ათასი ლარის საწარმოს განკარგულებაში დატოვება, რეინვესტირებისთვის, ხოლო 69 მლნ ლარი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში კუთვნილი თანხის ჩარიცხვა უზრუნველყოფილი იქნება 2020 წლის ბოლოსთვის,"- ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. კომპანიის აქტივები შედგება 3 550 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებისა და 93 ქვესადგურისგან.

კომპანიის აქციათა 100%-ის მფლობელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსე-ს ჰყავს სამი შვილობილი კომპანია: შპს ,,ენერგოტრანსი", ,,ქარჩალ ენერჯი“ (საქმიანობს თურქეთის ტერიტორიაზე) და შპს „საქრუსენერგო“ – 50%. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ფლობს სხვა გადაცემის ლიცენზიატის, შპს „ენერგოტრანსის“, 100%-იან წილს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ჯამური აქტივები 1.17 მილიარდ ლარს შეადგენს. კომპანიის სესხებისა და კრედიტების მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 967 მილიონ ლარი იყო.

2017 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემა ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო საწარმო იყო, რადგან მისი ზარალი 320 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წელს კი კომპანიამ 79 მილიონი ლარით იზარალა.