მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა სიურპრიზი იყო - ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

6391ffbd62c11
თელარა გელანტია
08.12.22 22:00
1340
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გიორგი არველაძის შეფასებით, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა სიურპრიზი იყო. ამის შესახებ გიორგი არველაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ე.წ. ესტონური მოდელის კიდევ გადავადებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მოლოდინიც იყო, მაგრამ გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდნენ. „ჯამში, ორივე ნაწილში სიურპრიზი გამოვიდა“, - აღნიშნა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა.



- რა მოლოდინები გაქვთ სექტორში?

- ორი მომენტია - არავის უხარია გადასახადების გაზრდა..

- თქვენც ფიქრობთ, რომ საგადასახადო ტვირთი იზრდება საფინანსო სექტორისთვის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ირწმუნება, რეალურად საგადასახადო ტვირთი ბიზნესს არ ეზრდება, ვინაიდან უქმდება დივიდენდის 5%-იანი გადასახადი. "ორი გადასახადის გაერთიანებით ხდება განაკვეთის იგივე ოდენობაზე შენარჩუნება“, - ირწმუნება ფინანსთა მინისტრი.

- იურიდიულ მსჯელობაში რთულია შეხვიდე...

- პრაქტიკულად, ვიმსჯელოთ... ესაა საინტერესო.

- თუ შეაფასებ ისე, რომ წელსაც 20% არის საგადასახადო ტვირთი (დივიდენის 5%-იანი განაკვეთი + 15%-იანი მოგების გადასახადი) და შემდეგ წელსაც 20% იქნება, არაა ზრდა. თუ ელოდებოდი, რომ 1-ელი იანვრიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდებოდა და რეინვესტირების შემთხვევაში, საერთოდ არ დაიბეგრებოდი, ახლა მოგების გადასახადი ხდება 20%. ბუნებრივია, ზრდა არის, ხომ?! მეორე მხრივ, ალბათ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში და საქართველოში - მითუმეტეს; ამდენად დარწმუნებული ვარ, საბანკო სექტორის საქმიანობაზე ეს რადიკალურად არ აისახება.

- გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო ტვირთი იზრდება, სესხების გაძვირების რისკებს რამდენად ხედავთ?

- კარგი კითხვაა... ამ შემთხვევაში, ალბათ, ისევ ვუბრუნდებით მთავარ კითხვას - იზრდება თუ არა მოგების გადასახადი და ე.წ. ესტონურ მოდელზე რომ გადავსულიყავით, სასესხო პროდუქტები გაიაფდებოდა?! - არ მგონია, რომ ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს მომხმარებელზე ანუ რადგან ესტონურ მოდელზე არ გადავედით, მომხმარებლისთვის პროდუქტი გავაძვიროთ. რეალურად, შეირჩა ისეთი სექტორი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება ამით <20%-მდე მოგების გადასახადის ზრდით> რამე პრობლემა შეექმნას. ყველაზე კარგად მართულ და ყველაზე მოწინავე სექტორს შეეხო ზრდა.

- თქვენც ტელევიზიით გაიგეთ, რომ მოგების გადასახადი 20%-მდე გაიზრდება შემდეგი წლიდან და არც ე.წ. ესტონური მოდელი შეგეხებათ?

- პირადად მე, დიახ, ტელევიზიით გავიგე.

- „კრისტალშიც“ ტელევიზიით გაიგეთ?

- შეიძლება, „კრისტალშიც“... „ესტონური მოდელის“ გადავადების დაშვებას ვაკეთებდით, მაგრამ განაკვეთის 20%-მდე გაზრდის - არა.

- თქვენი შეფასებით, ამ ფორმით ბიზნესთან კომუნიკაცია რამდენად სწორია?

- რა თქმა უნდა, უფრო სწორი ფორმაა, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს. შეიძლება, დიდ მოთამაშეებთან უფრო აქტიური კომუნიკაცია იყო ამ საკითხზე და მათთან უფრო მეტი შეფასება და ანალიზი გაკეთდა, რომ რაიმე მდგრადობას არ შექმნოდა საფრთხე. ვფიქრობ, ასე იყო.

- და რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებით, სადაზღვევო სექტორისა, მიკროსაფინანსო ინდუსტრია და ბანკები ერთნაირად დაიბეგრებიან?

- ჩემი აზრით, მიკროსაფინანსო სექტორი საბანკო სექტორისგან ძალიან განსხვავებულია. მისო-ები ბევრად მეტადაა გასაზრდელი, ვიდრე ახლაა და განვითარების ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. მიკროსაფინანსო სექტორის აქტივების 2 მილიარდ ლარამდეა, საბანკოსი - 65 მლრდ ლარი. ამდენად, ალბათ აქ ბევრად მნიშვნელოვანია რეინვესტირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის სხვა შეღავათებით, რომ მიკროსაფინანსო სექტორი გაიზარდოს. თვითონ ბიზნესმოდელიც განსხვავებულია - საბანკოსთან შედარებით უფრო ნიშური პროდუქტები აქვს და ბევრად მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

- შეიძლება, რომ მიკროსაფინანსო სექტორმა მთავრობას ახალი რეგულაციის გადავადებით თხოვნით მიმართოს?

- შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, რომ დავანახოთ ჩვენი სურათი. ლოგიკურად, მთავრობას გათვლები აქვს გაკეთებული, მოგების გადასახადის სახით, დამატებით რა შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი. მიკროსაფინანსოების შემთხვევაში, მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდას დიდი წონა ვერ ექნება და სწორედ ამიტომ, შეიძლება, ეს კომპრომისი გაკეთდეს.

ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი