მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოგვხედონ, ჩვენც აქ ვართ“ - ფიტნეს ცენტრები მთავრობისგან სესხების სუბსიდირებას ითხოვს

600eb35e68947
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 16:27
782
ფიტნეს ცენტრები საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა ფიტნეს-ცენტრებმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერეს. როგორც "სნეპ-ფიტნესის" ქსელის დირექტორი სოფო სოლოთაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, სექტორი სესხის პროცენტის სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.

„მოგვხედონ, ჩვენც აქ ვართ“ - აცხადებს ფიტნეს ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, ფიტნეს-ცენტრები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გაიხსნებიან.

„პირველი "ლოქდაუნისგან" განსხვავებით, როდესაც ვითხოვდით დროზე ადრე გახსნას, დღეს უკვე ვითხოვთ დახმარების პაკეტს და გვერდში დგომას და არა გახსნის თარიღის გადმოწევას, იმიტომ რომ ვერ გავიხსნებით მათი დახმარების და გვერდში დგომის გარეშე. ჩვენი გახსნის თარიღი რომ გადმოწიონ აზრი არ აქვს იმიტომ რომ თუ დახმარების პაკეტი არ შემოგვთავაზა მთავრობამ, რაშიც საგადასახადო შეღავათებსა და საბანკო სესხების სუბსიდირებას ვგულისხმობთ და ზოგადად, ჩვენი ხარჯების გაზიარებას. ფიტნეს სფეროს სახელით ვამბობ, რომ კომპანიებს ფინანსური რესურსი აღარ გააჩნიათ. ნაწილი უკვე დაიხურა, ნაწილი დახურვის პირასაა და ნაწილის ბოლო იმედი ეს აქციაა, რომ ხმას მივაწვდენთ მთავრობას. ყველაფერი გვესმის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან სფეროს ვემსახურებით. ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი და ვთხოვთ, მთავრობას რომ ამ განცხადებით, როდესაც ბიზნესის დახურვა დააანონსეს, რაღაცნაირად გვერდში დაგვიდგნენ, რომ შევძლოთ ძალების აღდგენა. ოღონდ მათი დახმარების გარეშე ეს ვერ მოხდება, ყველანაირი რესურსი ამოწურული გვაქვს“, - აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.

ის დარგის ზუსტ ზარალს ვერ ასახელებს და ამბობს: „ზარალი ათეულობით მილიონია. 9 თვიანი დახურვის ფონზე წარმოგიდგენიათ, რა ზარალზეა საუბარი?! მხოლოდ ჩვენს ქსელში დასაქმებული 150-მდე ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი და ძალიან დიდ ზარალზეა საუბარი“.

„სნეპ-ფიტნესის“ დირექტორის თქმით, ერთადერთი შეღავათი, რაც ფიტნეს ცენტრებმა მიიღეს, საშემოსავლო გადასახადის გადავადება იყო და არა პატიება.