მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგზაურობისთვის აუცილებელი ინდიკატორი უფრო უარყოფითი PCR-ტესტია, ვიდრე - აცრა - გამყრელიძე

60950cb1aeed0
ინგა მურუსიძე
07.05.21 15:00
545
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მოგზაურობისთვის აუცილებელი ინდიკატორი უფრო მეტად არის უარყოფითი PCR-ტესტი, ვიდრე - ვაქცინაცია.

ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ bm.ge-ს კითხვას - შეძლებენ თუ არა „სინოფარმით“ აცრილი მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას ანუ მათ Сovid-პასპორტს ევროკავშირის ქვეყნებში რამდენად ექნება აღიარება.
საქმე ისაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ „სინოფარმს“ ჯერ ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს, მაგრამ 4 მარტიდან საქართველოში აღნიშნული ვაქცინით მოქალაქეებს ცრიან.

„ზოგადად, ბევრმა ქვეყანამ აღიარა, რომ დღეისათვის მსოფლიოში ადმინისტრირებადი ვაქცინებით აცრილთა სტატუსი ყველაგან იქნება მიღებული, ისევე, როგორც ჩვენ ვიღებთ ორჯერადად აცრილ ადამიანს ყოველგვარი კარანტინის გარეშე. ევროკავშირმა ცოტა სხვა პოზიცია გამოთქვა, მაგრამ ამის თაობაზე, ჯერჯერობით, დადგენილება არ არის და ვფიქრობ, ეს პოზიცია შეიცვლება; მით უმეტეს თუ "სინოფარმი" მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას, რისი დიდი იმედიც გვაქვს, პრობლემა არ შეიქმნება, მაგრამ აცრა, ჯერჯერობით, არ არის მოგზაურობის აუცილებელი ინდიკატორი, რადგან აუცილებელი ინდიკატორი უფრო მეტად არის უარყოფითი PCR-ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Covid-პასპორტზე, რაზეც მუშაობს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, დატანილი იქნება როგორც ვაქცინაციის საკითხი, ისე ბოლო PCR-ტესტის პასუხი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, Covid-პასპორტთან დაკავშირებით NCDC-მ მუშაობა უკვე დაასრულა და დღეს, ამ საკითხზე სამინისტროში შეხვედრაც იმართებოდა.

"ჩვენ წარვადგენთ პასპორტის პირველ ვერსიას განსახილველად და თუ მოწონებული იქნა, მას დასამტკიცებლად უწყებათშორის საბჭოს წარვუდგენთ", - აღნიშნა მან.