08.იანვარი .2020 22:00

მოიტანა თუ არა შედეგები მთავრობის შეღავათებმა მცირე ჰესებთან დაკავშირებით? - გიორგი აბრამიშვილი

views 222
უკან

მცირე ჰესებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დადებითი შედეგები ვერ მოიტანა, - ამის შესახებ bm.ge-ს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა.

აბრამიშვილმა შეაფასა ოქტომბერში, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, იმ მცირე ჰესებისთვის და მათი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, შეღავათები დაწესდა.

„ძალიან მიზერულ თანხებზეა საუბარი. თუ ინვესტორს აქვს გადაწყვეტილი, რომ ააშენოს ჰესი, ეს არ არის თანხა, რომელსაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში სერიოზული გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის დანამდვილებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გარკვეული გარანტიები შესთავაზოს სახელმწიფოს. თუ ჩვენ გვინდა ჯანსაღი, დასავლური ინვესტორების მოზიდვა, ერთის მხრივ, ბაზარიც არ გვაქვს ბოლომდე გახსნილი, არც თამაშის წესებია ჩამოყალიბებული, არც კანონმდებლობა ჩამოყალიბებული, რომ ამაზე რაღაც გათვლა გააკეთოს ინვესტორმა. ენერგეტიკა გრძელვადიანი ინვესტიციაა, როცა საკუთარი კაპიტალის უფლებაზეა საუბარი 12-15 წელიწადზე, ანუ ძნელია ასე გათვლა, რომ ამდენი წელი შეიძლება ჩვენნაირ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტიების მიცემა აუცილებელია. მე იმის თქმა მინდა, რომ დათქმა იმისა - თუკი გარანტიას არ დაგადებინებ, ან ნაკლებს დაგადებინებ, სამაგიეროდ შენგან ელექტროენერგიას არ შევისყიდი, ეფექტური ვერ იქნება“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

Bm.ge დაინტერესდა, მოიტანა თუ არა შედეგი გადაწყვეტილებამ და ინვესტორების დაინტერესება გაიზარდა თუ არა მცირე ჰესების მიმართ, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა, რომ დადებითი შედეგები სამწუხაროდ არ მოიტანა. ის მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბაზარი შეიძლება საერთოდ გააფუჭოს.

„მაგალითისთვის, აქ ჩნდება საფრთხე ე.წ. სპეკულანტების გაჩენის, შეიძლება მათ რაღაც პროექტები აიღონ და მინიმალური თანხები დააბანდონ, შეიძლება შეყოვნდეს, შეჩერდეს პროექტები და ჭეშმარიტმა ბიზნესმენებმა ვერ მოახერხონ პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ოქტომბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მცირდება მცირე ჰესების მიმართ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რაც ამდრომდე ერთ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

„კერძოდ, იმ ჰესებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულებებს და დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 აშშ დოლარი ერთ მეგავატზე. მისი ინფორმაციით, ასეთი ჰესები საკმაოდ ბევრია. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ენერგობაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ბაზრის გახსნას და კონკურენციის სტიმულირებას გულისხმობს. ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ინვესტორებისთვის გამოთავისუფლდება მათი რესურსის და საკუთარი კაპიტალის დაახლოებით 10%, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში - ერთი მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ - ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და მათ განკარგვაში ვუტოვებთ მეტ რესურსს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება", - აცხადებდა მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა