მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლაპარაკებები დამთავრდა, EU-ს რამდენიმე ქვეყანა საქართველოს უპირობოდ გაუხსნის საზღვრებს - მთავრობა

5f05629c1e5f8
თელარა გელანტია
08.07.20 10:04
1226
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

როგორც პრემიერის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.

უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც პრემიერის პრეს-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი გამართავს.

მთავრობაში ამბობენ, რომ ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, დგამს ფრთხილ ნაბიჯებს.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.

საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.