მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა ყველაფერი საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანზეა დამოკიდებული”

62cfc102311b7
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.22 11:20
684
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიის კითხვებს უპასუხა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ფუნქციას არ წარმოადგენს საქართველოს შესთავაზოს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულების კონკრეტული ღონისძიებები, რადგანაც ახლა “ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანზეა დამოკიდებული”.

BMG: იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე?

კარლ ჰარცელი: "ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, შესთავაზოს ან, მითუმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისათვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კარლ ჰარცელს დაუსვეს კითხვა, არის დეპოლარიზაცია. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას.

აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს,” - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად 2023 წელს მოამზადებს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპმა გაავრცელა.

„ფრთხილი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა, რათა მოხდეს ქვეყნის დეპოლარიზება და დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო რეფორმებზე საფუძვლიანად სამუშაოდ. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.

ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს, რათა საფუძვლიანად შეძლონ პრიორიტეტებზე მუშაობა“, - განაცხადა მაიკლ რუპმა.