საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაციის 9.2%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, ამის შესახებ ბანკის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამჟამად საგარეო ფაქტორები ინფლაციის კლებაზე მოქმედებენ. მათ შორის საუბარია ნავთობის ფასების, გადაზიდვის ღირებულებისა და სურსათის ფასების ინდექსებზე, რომლებსაც შემცირების ტენდენცია აქვთ. Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2023 წლიდან ინფლაციის დონე საშუალოდ 5%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის ის ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს დაუახლოვდება.
“მოლოდინი შესაბამისია, ინფლაციის დაღმასვლის. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი აგვისტოს ინფლაციის მოლოდინი 10.5% იყო და ფაქტიური არის 10.9%, ანუ უფრო ნელა ხდება შემცირება, ვიდრე ამას ვვარაუდობდით. თუმცა, კვლავ ხდება შემცირება და წლის ბოლოს 9.2%-მდე ვვარაუდობთ შემცირებას, რაც მაინც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მომავალ წელს ჩვენი პროგნოზით საშუალო ინფლაცია იქნება 5%-ის ფარგლებში და წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ დაუახლოვდება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს. რისკები არსებობს, თუმცა იმ ტენდენციებით რაც არსებობს, რაც გამოიხატება საწვავის ფასების კლებაში, ასევე ლოგისტიკის ფასების კლებაში და FAO-ს სურსათის ინდექსის შემცირებაში,”- განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს თავად ეროვნულ ბანკსაც, თუმცა 14 სექტემბერს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 11%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.