მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა - შავლეგ მიშველაძე

6183b003a4d1e
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 09:20
1821
საქართველლოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შავლეგ მიშველაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები სათანადოდ არ გამართლდა და ამ ცვლილებამ ქვეყანაში ავტოპარკის მხრივ არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად არ გადაჭრა.

“სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რაც არსებობდა ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, თავის თავს ვერ ამართლებს.

თუმცა, გავყოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან - ტექნიკური ინსპექტირება არის ქვეყანაში უკვე არსებული ავტომობილების შემოწმებაა და იჯარით აღებული ფილტრით ან მაყუჩით ინსპექტირების გავლა რამდენად ასახავს სურათს რთულია თქმა და შემოქმედებით ფანტაზიას ამ მიმართულებით სამწუხაროდ არ ვუჩივით,”- განაცხადა მიშველაძემ.

2022 წლიდან საქართველოში მოძრავი ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის შემადგენლობის ახალი სტანდარტები შევა ძალაში. კერძოდ, პირველი იანვრის შემდგომ ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, გახდება 0.5% და 0.3%. ავტომობილები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ დახარვეზდებიან.

რაც შეეხება კატალიზატორების შესახებ მოთხოვნას, მათი ქონა სავალდებულოა იმ ავტომობილებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის პირველი აპრილის შემდგომ. იმ ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე იყვნენ რეგისტრირებული, კატალიზატორის სავალდებულო წესით ქონა არ მოეთხოვებათ, თუმცა მათ უნდა დააკმაყოფილონ ის ნორმები, რაც გამონაბოლქვში CO-ს შემცველობაზე არის დაწესებული.

გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზღვრის შესახებ მოთხოვნები წლების მიხედვით ასე იცვლება:

• 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.7%;
• 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.6%;
• 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: 0.5% და 0.3% (იზომება ძრავის დაბალი და მაღალი ბრუნისთვის).

აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სავარაუდოდ უფრო მეტი ავტომობილი დახარვეზდება, პირველადი შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის ავტომესაკუთრეებს 30-დღიანი დრო აქვთ, რათა ისინი გამოასწორონ.

საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ოპერატორია კომპანია “გრინვეი”. კომპანიის სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს სულ 252,000 შემოწმება ჩატარდა, საიდანაც 191,500 შემოწმება - პირველადი, 60,500 შემოწმება კი განმეორებითი იყო.

2020 წელს “გრინვეიმ” პირველადი ტესტირებისას ავტომობილების 39% დაახარვეზა.

გამონაბოლქვში CO-ს ზღვრული ნორმის შემცირების შედეგად, სავარაუდოდ დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება.