მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლოდინია, რომ მარტიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს, თუმცა მსოფლიოში გაურკვევლობა კვლავ მაღალია“

617bb43f647b0
ინგა მურუსიძე
29.10.21 19:40
615
27 ოქტომბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლიდან ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და ის წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 9%, ხოლო წლის მეორე ნახევარში კი 7.75%-8% უნდა გახდეს.

Galt&taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელ შემცირებაზე სებ-ის პროგნოზს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა არა - 2022 წლის I ნახევარში, არამედ - მეორე ნახევარში.

„თუ სებ-ი მომავალი წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე ჩამოსვლის ტრაექტორიას ვარაუდობს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მპკ-ის შემცირება 2022 წლის მეორე ნახევრიდან არის შესაძლებელი, თუმცა ყველაფერი შეიძლება პირიქით შეიცვალოს და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ "საქმიან დილაში", სადაც მაღალი ინფლაციის მიზეზებზეც ისაუბრა.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ განპირობებული იყო იმით, რომ გაურკვევლობა კიდევ დიდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში.

ხშირად არის შემთხვევები, როცა ცენტრალური ბანკები თავს იკავებენ განაკვეთის ცვლილებისგან. მოგეხსენებათ, მიმდინარე პერიოდში ინფლაცია გლობალური პრობლემაა და საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის ნახევარი საგარეო ფაქტორებისგან მომდინარეობს, რაც სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდით არის განპირობებული, თუმცა არის ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის ლარის კურსი და მის გამო გაძვირებული კომუნალური ტარიფები“, - თქვა ლაშა ქავთარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მოლოდინი არის, რომ საბაზო სცენარით, 2022 წლის მარტიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას, თუმცა გაურკვევლობები მსოფლიოში კვლავ მაღალია და ის უკავშირდება ისევ პანდემიას, მით უმეტეს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და შესაბამისად, გაურკვევლობა მეტია.