მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი პანდემიების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვაში ძირეული ცვლილებებია გასატარებელი - ბლოგი

5ea198ef3f264
BM.GE
24.04.20 09:40
1657
კოვიდ-19-ის მსგავსი ვირუსები არაპროგნოზირებადია. მათი ზემოქმედება ნაწილობრივ დამოკიდებულია მოსახლეობის დინამიკაზე, ნაწილობრივ დემოგრაფიასა და ქცევაზე და, რა თქმა უნდა, თავად ვირუსის ბუნებაზე. ვირუსს საკმარისად კარგად არ ვიცნობთ, რომ ვიცოდეთ შემდეგში რას მოიმოქმედებს, ან დაბეჯითებით ვთქვათ თუ როგორ შევძლებთ მაღალი რისკის მქონე ჯგუფების მისგან დაცვას.

დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ არსებულის შესაჩერებლად და მომავალი პანდემიებისგან თავის დასაცავად გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ინფექციების გამომწვევ რისკ-ფაქტორებთან გამკლავება საჭიროებს ძლიერ მმართველობას, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ადგილობრივი და ეროვნული მთავრობებისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობას.

ჩვენი გამოცდილებით, მთავრობებს ეპიდემიებზე მოკლევადიანი რეაგირება ახასიათებთ. დროთა განმავლობაში კრიზისი გაივლის და გვავიწყდება თუ რა არის საჭირო საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის შესაქმნელად, ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის გრძელვადიან პერიოდში უზრუნველსაყოფად.

ეს უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით აზიასა და ოკეანეთში, სადაც ისეთი რისკ-ფაქტორები იყრის თავს, როგორიცაა, ეკოლოგიური დეგრადაცია, კლიმატის ცვლილებები, ჰაერის დაბინძურება, ტრანსსასაზღვრო საფრთხეები, ურბანიზაცია, მოსახლეობის სიმჭიდროვე, გლობალური საჰაერო მიმოსვლა და ვაჭრობა.

გრძელვადიან გადაწყვეტილებებამდე მივალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შევძლებთ ინფექციური დაავადების რისკების გააზრებას. მოდით გავეცნოთ ინფექციის გამომწვევ სამ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობაა. რამდენად ძლიერია ადამიანის იმუნური სისტემა? ეს ინფექციური აგენტებისგან დაცვის წინა ხაზია. რეგიონის ქვეყნებში არსებული ჰაერის დაბინძურება აქვეითებს ჩვენი რესპირატორული სისტემის უნარს ეფექტურად გაუმკლავდეს ინფექციურ აგენტებს.

არაჯანსაღი საცხოვრებელი პირობები, სტრესი და ძილის დარღვევა ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობას. ამასთან, არაგადამდები დაავადებების დონის ზრდა, რაც გამოწვეულია არასწორი კვებითა და მავნე ჩვევებით — მოწევა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და მოსახლეობას კიდევ უფრო დაუცველს ხდის კოვიდ-19-ის მსგავსი ინფექციური დაავადებებისადმი.

მეორე რისკ-ფაქტორია, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად გავრცელება. ინფექციის ვირუსულობის გარდა, ეს დიდწილად ადამიანთა ქცევითაა განპირობებული. ამ რეგიონში ხშირია მჭიდროდ დასახლებული ურბანული ადგილები, სადაც ადამიანები ერთმანეთს მარტივად აავადებენ. ადამიანური ურთიერთობების შეზღუდვის მცდელობას მივყავართ სოციალურ დისტანცირებამდე, მიმოსვლის აკრძალვამდე და საზღვრების დახურვამდე.

ღირს თუ არა აღნიშნული მკაცრი ზომების გატარება, იმ ზიანის გათვალისწინებით, რასაც ეს ღარიბ მოსახლეობას მოუტანს? დაავადების შეჩერების ღონისძიებები გაკოტრებით მეტ ადამიანს დააზარალებს თუ თავად დაავადებით? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ ჩვენთვის უცნობია.

მესამე რისკ-ფაქტორი ინფექციის შესაძლო გავრცელებაა სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი ჩარევის გარეშე, როგორიცაა ინფექციის პრევენცია და კონტროლი, პერსონალის დამცავი აღჭურვილობა, იზოლაცია, კოვიდ-19-ის დეცენტრალიზებული ტესტირება და პაციენტების სათანადო ტრიაჟი. ძალიან ბევრი საავადმყოფო, განსაკუთრებით აზიის განვითარებად ქვეყნებში არ ითვალისწინებს ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და არ ხდება პერსონალის დამცავი აღჭურვილობის მარაგის შევსება. შესაბამისად, პანდემიის დროს პირველად ყველაზე საჭირო ხალხი — ექიმები, ექთნები, სანიტრები ავადდებიან. ზემოაღნიშნული კოლაფსისა და საჭირო სერვისების შეუსრულებლობის რისკის ქვეშ აყენებს ისედაც სუსტ ჯანდაცვის სისტემებს.

რა გავაკეთოთ გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ერთი პანდემიის თავიდან ასაცილებლად
აზიის ქვეყნებს შეუძლიათ სხვა ქვეყნების ღირებული გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული გულისხმობს მოსახლეობის გაფართოებულ უფასო ტესტირებას კოვიდ-19-ზე, რაც ხელისუფლებას დაავადების პროგრესის აღრიცხვაში დაეხმარება და განსაზღვრავს თუ რომელი თერაპიული ჩარევა მუშაობს ყველაზე უკეთ.

ფართოდ გამოყენებული მიმოსვლის შეზღუდვა და მკაცრი კარანტინი ამართლებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და სამედიცინო დაწესებულებების გადავსების თავიდან ასაცილებლად.

ზოგიერთ აზიურ ქვეყანას გააჩნია დამოუკიდებლად მართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ანგარიშს მთავრობას სწრაფი რეაგირებისა და ბიუროკრატიული პროცედურების შესამცირებლად. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს საგანგებო შესყიდვები და ბაზრის დაცვა, რაც საქონლის სწრაფად შესყიდვის საშუალებას იძლევა; ასევე ვაქცინებისა და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის წინასწარი შესყიდვა. რისკების შესახებ ღია კომუნიკაცია და საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის ხშირი მიწოდება ხელს უწყობს მთავრობის საპასუხო ქმედებებისადმი მოსახლეობის ნდობის ზრდას.

ზემოაღნიშნული რეაგირების მნიშვნელოვანი მაგალითებია, თუმცა გრძელვადიან ჭრილში სხვა პანდემიების აფეთქების თავიდან ასაცილებლად უფრო ღრმა პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო. შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯებით დავიწყოთ:

• საწყისებთან დაბრუნება - კომპლექსურად მივუდგეთ მოსახლეობის ჯანმრთელობას და არა უბრალოდ ჯანდაცვას. ჩვენ გვჭირდება ქალაქებში სუფთა ჰაერი, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მავნე საკვების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის ავადობის პრევენციას ახდენს. აუცილებელია ინვესტირება მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემებში, რაც ორიენტირებული იქნება ჯანმრთელობის პოპულარიზაციასა და დაავადების პრევენციაზე, ასევე დეცენტრალიზებულ, ეფექტურ და იაფ პირველად ჯანდაცვაზე.

• რისკების სიმრავლის მართვა - ვინაიდან მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული მიმოსვლით, ვაჭრობითა და ტურიზმით, ამიტომ რისკები სულ უფრო იზრდება. შესაძლოა დაგვეხმაროს ეპიდემიის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მართვა სცენარების შემუშავებითა და რისკების შეფასების გზით. ეკონომიკური ზემოქმედება ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებს ემუქრება: დღიურ მუშახელს, ქარხნების თანამშრომლებს, მცირე მეწარმეებს, თავისუფალ გამომუშავებაზე მყოფ პირებს და თვითდასაქმებულებს. მრავალი მონაწილის — მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებულმა მოქმედებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რისკების სიმრავლის მართვა.

კოვიდ-19-ის პანდემია მიმდინარე გლობალური კრიზისია, თუმცა ის ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას მივმართოთ უფრო კომპლექსური მიდგომა ჯანდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების გასავითარებლად, განვახორციელოთ ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემებსა და მეტად მდგრად მიწოდების ჯაჭვებში, რითაც ყველანი გრძელვადიან სარგებელს მივიღებთ.

ავტორები:

სუზან როთი, ცოდნის გავრცელების და სერვისების წამყვანი სპეციალისტი, მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკი.

ნაჯიბულა ჰაბიბი, ჯანდაცვის სპეციალისტი, აღმოსავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკი.