23.დეკემბერი .2019 12:51

„მომავლის საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური ალტერნატივა

views 292
უკან

ახალდაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის საქართველო“ ასპარეზზე ახალი იდეებით გამოჩნდა. პოლიტიკური მძიმე რეალობის გამოსწორების გზად მოძრაობას მოსახლეობის აქტიური ჩართულობა მიაჩნია.

„მომავლის საქართველომ“ საკუთარი ხედვა უკვე წარადგინა, ის საზოგადოებას ოპტიმალურ კონსტიტუციურ-მმართველობით მოდელს სთავაზობს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობა კონსტიტუციას საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არგებდა და ასე ხდება დღესაც - წერენ რა უნდათ ქვეყნის მმართველებს და უგულებელყოფილია ხალხის ინტერესები.

რას გულისხმობს კონკრეტულად „მომავლის საქართველოს“ შემოთავაზებული ახალი საკონსტიტუციო მოდელი, გვესაუბრება მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი თენგიზ ტყეშელაშვილი:

- „მომავლის საქართველოს“ ახალი საკონსტიტუციო მოდელი პროპორციულისა და უპარტიო წარმომადგენლობითი სისტემების კომპლექსია და გულისხმობს (სხვა საკითხებთან ერთად) 2 პალატიანი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას. მიგვაჩნია, რომ ორპალატიანი სისტემა ხელისუფლების დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა.

პარტიულ-პროპორციულად არჩეულ პირველ პალატაში 100 კაცი მოიყრის თავს, სწორედ ის ნიშნავს მთავრობას, გამოსცემს კანონებს, აკონტროლებს მთავრობის მუშაობას, განიხილავს ბიუჯეტს, ინიცირებას უკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მთავრობაზეა ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, თავდაცვის პოლიტიკის მართვა, ინიცირებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს.

მთავრობის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი. პარლამენტის წევრები არიან ამავდროულად პრემიერი და მინისტრები. ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია: პრემიერ მინისტრი და მინისტრები უნდა იყვნენ პარტიულად არჩეული დეპუტატები (რომლებიც დეპუტატებად რჩებიან), რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან ხალხის წინაშე პოლიტიკურადაც და იურიდიულადაც.

მეორე პალატა უპარტიო 111 წარმომადგენლისგან შედგება (დაახლოებით 25-30 ათას კაცზე ერთი მანდატი), ისინი ოლქებიდან არიან არჩეული, ე.წ. დამოუკიდებელი წარმომადგენლები. მეორე პალატა ირჩევს პრეზიდენტს და მოსამართლეებს. მის მოვალეობაში შედის ასევე ბიუჯეტის და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, ასევე ადგილობრივი / რეგიონალური საკითხების განხილვა, რომელიც უშუალოდ ეხება მასზე მიცემული მანდატის მოსახლეობას.

წარმომადგენელთა პალატის მიერ არჩეული პრეზიდენტი ამავდროულად წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეა და აკომპლექტებს ცენტრალურ პოლიციას, უშიშროებას და პროკურატურას. ჩვენი ხედვით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში უნდა შედიოდეს უშიშროება, პროკურატურა, და ახლად შესაქმნელი ცენტრალური პოლიცია, რომელიც თავისი შინაარსით FBI-ს მსგავსია. პარლამენტი 4 წლის ვადით პროპორციულ ი წესით ირჩევა, წარმომადგენელთა პალატა 5 წლის ვადით ერთმანდატიანი უპარტიო სიით.

- რატომ ფიქრობთ რომ საქართველოს შემთხვევაში ეს მოდელი გაამართლებს?

- საქართველოში უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა დაბალანსდეს, უნდა იყოს კონტროლი და მთავრობა უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხთან. მთავარია, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ მოინდომოს და თქვას, რომ სურს ცვლილებები და აღარ იქნება დამოკიდებული არავისზე საკუთარი თავის გარდა. ის თავად გააკეთებს არჩევანს და თუ ეს არჩევანი არ იქნება სწორი, ახალ მთავრობას აირჩევს 4 თუ 5 წლის შემდეგ. დროა, ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც არა ბელადები, არამედ დროებით არჩეული ლიდერები მართავენ ქვეყანას. ჩვეულებრივმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კანონების შექმნასა და ხელისუფლების კონტროლში.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მხოლოდ მსგავსი დაბალანსებული ტიპის მოდელის (აქ შესაძლებელია გარკვეული ვარიაციები, რომლებიც შემდგომ შეთანხმდება ფართო საზოგადოებასთან) შემთხვევაში მოხდება საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიზაცია, სხვა შემთხვევაში სახეზე იქნება ხელისუფლების უზურპაციის სხვადასხვა მექანიზმი.

- სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ წამოაყენა ინიციატივა ორპალატიან საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით. რა თანხვედრა და სხვაობაა თქვენსა და მათ მოდელში?

- მთავარი და მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ჩვენს ხედვაში მინიმიზებულია პარტიული ეფექტი. შეიძლება ითქვას, შემოთავაზებული მოდელები იძლევა ნაკლებ შესაძლებლობას, არჩევნების გზით ხელისუფლებაში პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, მარტივმა უმრავლესობამაც პარლამენტში შესაძლოა შექმნას რისკები (მათ შორის ძალოვანი და სადამსჯელო სტრუქტურების კონტროლით). ჩვენ მოდელში საგრძნობად და მეტად დაბალანსებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ფუნქციები და ხაზგასმულია, რომ ის გამოცდილი მავნე ინსტრუმენტები, რომლებიც ახლა გააჩნია მთავრობას, მათ შორის პროკურატურა, უშიშროება და ა.შ. არ იყოს მის დაქვემდებარებაში და აღარ იყოს გამოყენებული ბოროტად. მთავარი პრინციპი არ არის ორპალატიანი სისტემა, პრინციპია რას იზამს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო მომავალში და როგორ განაწილდება სახელისუფლებო ფუნქციები შტოების მიხედვით. ჩვენი გაგებით, ორპალატიანმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და შეასრულოს წყალგამყოფის როლი აბსოლუტური ძალაუფლების ასარიდებლად. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და ეს ვერ დავინახეთ შემოთავაზებულ მოდელებში.

- თქვენი მოძრაობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ საკითხებს. რა არის გამოკვეთილი პრობლემა ამ დროისთვის?

- ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა არის ე. წ. ოლიგარქიული ეკონომიკა. ამ პირობებში მაქსიმალურად წახალისებულია ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე და უგულებელყოფილია დამწყები ბიზნესი, ახალი მეწარმე. ქვეყანაში არ არის წახალისებული ინოვაციები და ეს ასევე დიდი პრობლემაა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მამუკა ხაზარაძის შემთხვევა. მას სახელმწიფომ მისცა ანაკლიის პორტის განვითარების პროექტის განხორციელების უფლება, თუმცა შეიცვალა პრემიერი, მოხდა გარკვეული ცვლილებები და მთავრობამ სრულად არ „დაუკმაყოფილა“ ხაზარაძეს მიცემული დაპირებები, წარმოიშვა კონფლიქტი და ამის შემდეგ მთავრობამ (ანუ მმართველმა ოლიგარქმა) შეუქმნა ისეთი პრობლემები, რამაც ის იძულებული გახადა პოლიტიკაში წასულიყო. ამჟამად ხაზარაძე პოლიტიკაშია, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტი გაქრა? არა! დავუშვათ და მოვიდა ხელისუფლებაში მერე რას იზამს? არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ ისევ სახელმწიფოს დაეკისრება პროექტის განხორციელება, დაფინანსება, გარანტიების გაცემა და ა.შ., ანუ მაინც მოხდება დიდი მოთამაშის წახალისება.

ჩვენს ეკონომიკაში კონკრეტული აქტორები მართავენ ყველაფერს, გვყავს „აუცილებელი“ და თანაც საკმაოდ ძლიერი ლიდერები (ეს ლიდერები ბიზნესსა და პოლიტიკაში ერთი და იგივეა), არადა ეკონომიკას ქმნიან პატარ-პატარა ლიდერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე ვერ ვითარდებიან. გვაქვს ოლიგარქიული ეკონომიკა, რამდენიმე ძლიერი ჯგუფის ხელშია აქტივები, რაც რყვნის ეკონომიკურ გარემოს და აფერხებს მის განვითარებას.

- როგორ ფიქრობთ რამდენად არის ასეთი ეკონომიკური მმართველობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა?

- შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს რომ ბიზნესი შედგება როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებისგან. უარი უნდა ვთქვათ მსხვილი ბიზნესის ლობირებაზე, მცირე ბიზნესს უნდა ჰყავდეს თავისი ბიზნესომბუდსმენი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება ვიდრე დიდი ბიზნესების ომბუდსმენი. ასეთი პირობითი შეთანხმება არ არის საკმარისი, უნდა შეიქმნას კანონმდებლობა, რომლითაც ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადების მხრივაც, უნდა დაიბეგროს ზემოგებები და ამით უნდა მოხდეს დამწყები ბიზნესის დაბალი გადასახადების დაფინანსება. დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის გარეშე ვერცერთი მიმართულება განვითარდება. დღეს მოქმედებს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს პროგრამებიც კი ვითომდა ყველასთვის არის, მაგრამ რეალურად მსხვილი ბიზნესმენები უფრო აქტიურად სარგებლობენ, რადგან მათ გარკვეული ფინანსური თანამონაწილეობა შეუძლიათ. შეღავათები უნდა იყოს ძალიან პატარა, დამწყები ბიზნესისთვის, რომელთაც ეს რესურსი არ აქვთ.

- ანუ ფიქრობთ, რომ მსხვილ ბიზნესს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ?

- უნდა ჰქონდეთ, მაგრამ პირობები იყოს დიფერენცირებული. სახელმწიფო არ უნდა დაემსგავსოს კომერციულ ბანკს, რომელიც თანამონაწილეობას უფასებს კრედიტის მიმღებს და კომერციულად უდგება რისკის გათვლის თვალსაზრისით.

- რატომ არის ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?

- ეს მნიშვნელოვანია კონკურენციისთვის. მცირე ბიზნესი უნდა განვითარდეს და კონკურენციაში შევიდეს მსხვილ ბიზნესთან, ეს კარგია სერვისის გაუმჯობესების, ფასების დარეგულირების და საბოლოოდ ეკონომიკის განვითარებისთვის. ქვეყანაში მოქმედებს კონკურენციის სააგენტო, მაგრამ არ აქვს საკმარისი ძალაუფლება. ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ორგანოს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, მას შეუძლია განსაზღვროს და აკრძალოს კონცენტრაცია სხვადასხვა დარგში. თუ ეს სააგენტო იქნება ძლიერი, ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი აქტორების გაჩენას და კონკურენციის გაზრდას. ბევრ სექტორში დღეს კონცენტრაცია ძალიან მაღალია და ამიტომ აუცილებელია ახალი ბიზნესების წარმოშობის ხელშეწყობა. ფაქტია, რომ მონოპოლიას ყველგან აბალანსებენ.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქცეს ლოგისტიკურ ჰაბად და ფინანსურ ცენტრად. ამის შესასრულებლად რამდენიმე კომპონენტი უნდა არსებობდეს: ხედვა, სწორი აღსრულება და სწორი პოლიტიკური გარემო. ჩვენთან ჯერ კიდევ პოლიტიკა და გარიგებები თამაშობს დიდ როლს, მაგრამ თუკი ეს საკითხები დარეგულირდება ეს დიდ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, გარდა ამისა, აუცილებელია ექსპორტზე ორიენტირება და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება. ჩვენს მოძრაობას გააჩნია ყველაფერზე კონკრეტულად და დეტალურად დამუშავებული გეგმა.

- და ბოლოს, როგორ მიმართავდით მკითხველს?

- მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, განურჩევლად სტატუსისა და ახლანდელი მდგომარეობისა იფიქროს, რომ ჩვენ ყველას ერთად გაგვაჩნია ძალა შევცვალოთ სისტემა და მისი შეცვლის შემდგომ, შევუდგეთ ქვეყნის სწრაფ აშენებას.

ოღონდ უნდა გვქონდეს სწორი, მწყობრი მიზანი და ამ მიზნის მიღწევისკენ უნდა ვიბრძოდეთ ყველა ერთად. ეს, სწორი ხედვების გარდა, კონკრეტულად გულისხმობს, დღევანდელი პოლიტიკოსებისგან აბსოლუტურ გამოყოფას და ჩვენი, ყველას ერთად ბრძოლას.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კოლექტიური ივანიშვილები, ხაზარაძეები, სააკაშვილები და სხვები არ აპირებენ წასვლას, არ აპირებენ სისტემის შეცვლას, ისინი ერთმანეთის ჩანაცვლებას ცდილობენ მხოლოდ. ისინი არც მომავალ თაობაზე ფიქრობენ და არც ახალგაზრდებისთვის ძალაუფლების გადაცემას (მიუხედავად იმისა რომ ხშირად მომავალ თაობას ახსენებენ წინასაარჩევნოდ), არამედ ძალაუფლების მუდმივ შენარჩუნებაზე აქვთ თვალი დადებული, ჩამყაყებული სისტემის შენარჩუნებაზე სადაც საკუთარი, მცირე ჯგუფის ინტერესებზე ფიქრობენ მხოლოდ.
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ამის შეცვლა, და მართალი გითხრათ არც გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა. სხვაგვარად ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სახელმწიფოს მშენებლობაზე და შევეგუოთ რომ ვართ უბრალოდ ტერიტორია, რომელიც საჩუქრად გადავეცით რომელიმე ზემოთხსენებულ კლანს და რომელიც დროთა განმავლობაში სრულად დაცარიელდება.
NS

მასალა მოამზადა ჟურნალისტმა ნინო მაისურაძემ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა