მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომწოდებლებმა პროდუქცია 70-80%-ით გაგვიძვირეს - ნოვა

60680cdb1a90b
ელენე გოგბერაშვილი
03.04.21 12:13
3913
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორი bm.ge-თან პროდუქციაზე ფასების ზრდის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, მომწოდებლების მხრიდან ფასების ზრდას და გაზრდილ ტრანსპორტირების ხარჯს ასახელებს.

როგორც ედიშერ ხიმშიაშვილი ამბობს, მომწოდებლების მხრიდან ფასების საკმაოდ დიდი ზრდა მოხდა, რაც 70-80%-იან ფასნამატში გამოიხატება.

„ფასების ზრდა განსაკუთრებით გამოწვეული იყო მომწოდებლების მხრიდან ფასების ზრდით. მოხდა მომწოდებლებისგან ფასების საკმაოდ დიდი ზრდა, სადღაც საუბარია 70-80%-იან მატებაზე. ეს ცალსახად აისახა ბაზარზე და ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა. გარდა ამისა, ამას დაემატა ტრანსპორტირების ღირებულების ზრდა უცხოეთიდან. მაგალითად, ჩინეთიდან ტრანსპორტირება სამჯერ, ოთხჯერ არის გაძვირებული, რაც თავის მხრივ იწვევს საქონლის გაძვირებას.

არის ასევე ახლო რეგიონები, საიდანაც არ ხდება საზღვაო გადაზიდვები. ასეთია მაგალითად თურქეთი, საიდანაც უკვე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მათ შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს ფასების მატება“-აცხადებს ხიმშიაშვილი.

მისი თქმით, მომწოდებლების მხრიდან ფასების ზრდის მიზეზად პანდემიის გამო შეზღუდული ადამიანური რესურსით საქმიანობა და პროდუქციის დეფიციტი სახელდება. როგორც ნოვას გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ამ პრობლემას კომპანია 2020 წლისგან განსხვავებით მიმდინარე წელს წააწყდა.

„პარტნიორ გადამამუშავებელ ქარხნებში ამ პრობლემამ ახლა იჩინა თავი, რაც იწვევს პოროდუქციის დეფიციტს ან ფასების ზრდას“-აცხადებს ხიმშიაშვილი.