19.აგვისტო .2022 16:31

მომხმარებელი სექტემბერში ივლისთან შედარებით, ბენზინის ფასის 50-თეთრიან სხვაობას იგრძნობს - “ვისოლი”

მომხმარებელი სექტემბერში ივლისთან შედარებით, ბენზინის ფასის 50-თეთრიან სხვაობას იგრძნობს - “ვისოლი”
views 1925
უკან

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ ივლისთან შედარებით, სექტემბრის თვეში ბენზინზე ფასი 50 თეთრით, ხოლო დიზელზე - 60 თეთრით იქნება შემცირებული.

როგორც მან BMG-ის უთხრა, ფასების შემცირების ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს, თუ ნედლი ნავთობის ფასი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

„ბოლო 3-4 კვირაა შეინიშნება როგორც ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილიზაციის და უკუსვლის ტრენდი, ასევე ლარის სტაბილიზაციის მიმართულებით. 1-ელი აგვისტოდან დღემდე ჩვენმა კომპანიამ 20-30 თეთრით შეამცირა ფასები. შემდგომ პერიოდშიც ასევე ვფიქრობთ, რომ დაახლოებით იგივე ნიშნულით კიდევ უნდა შემცირდეს, თუ ნავთობის ფასი და გაცვლითი კურსი ძლიერ არ შეიცვლება. ასე რომ, საერთო ჯამში, მიმდინარე საფასო ცვლილებიდან გამომდინარე, მივიღებთ დაახლოებით 50 თეთრამდე შიდა ბაზარზე ფასის ცვლილებას. ეს ტრენდი შესაძლოა ასევე გაგრძელდეს.

სექტემბრის თვეში, ივლისთან შედარებით, მომხმარებელი იგრძნობს 50-თეთრიან სხვაობას ბენზინის ფასში. ცვლილება კიდევ უფრო მეტად შეეხება დიზელს, რადგან ბოლო პერიოდში დიზელი უფრო გაძვირდა, ვიდრე ბენზინი. დიზელსა და ბენზინის ფასებს შორის დისბალანსი ნელ-ნელა კალაპოტში დგება. დიზელის შემთხვევაში უფრო მკვეთრად იქნება წარმოდგენილი ფასების შემცირება, ვიდრე ბენზინზე“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. 

კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყებას „ვისოლი“ მიესალმება. როგორც ვასილ ხორავამ BMG-ის უთხრა, „ვისოლი“ სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ხორავას განცხადებით, კომპანიის საფასო პოლიტიკა გამჭვირვალე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა